პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო უქმდება

პუბლიკა

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო გაუქმდება. ცვლილებებს 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი,  წინააღმდეგი იყო 7.

„კანონპროექტი ცალსახად ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნდამენტურ პრინციპებს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებულ მოდელს და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ მაღლაფერიძის ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება“, – ასე აფასებენ ორგანიზაციები ამ ცვლილებებს.

თავდაპირველად ინიციირებული იყო კანონპროექტი, რომელშიც ძირითადი ცვლილება სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდას შეეხებოდა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებულად  შეიტანა ინიციირებულ კანონპროექტში დამატებითი ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო უქმდება და მის კომპეტენციას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ითავსებს.  ამასთანავე, 9 დან 11-მდე იზრდება სამეურვეო საბჭოს წევრების რაოდენობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ერთის ნაცვლად სამი კანდიდატის დასახელების უფლებამოსილება ენიჭება.

მედია ადვოკატირების კოალიცია მიუთითებდა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის ძირითად ღირებულებებს და იმ პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპული მოდელი. კოალიცია მმართველ პარტიას  კანონპროექტის სასწრაფოდ გაწვევისკენ მოუწოდებდა.