პარლამენტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილ „თავდაცვის კოდექსის“ პროექტს მხარი დაუჭირა

პუბლიკა

პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი პრინციპების დონეზე განიხილა.

„კოდექსი სრულიად ახლებურად და თავდაცვის მიზნებზე მორგებულს ხდის სამხედრო რეფორმას, ასევე, აწესებს სამხედროებისათვის მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიებს და ქმნის თავდაცვის ორგანიზების და ნატოსთან თავსებადობის ეფექტიან სამართლებრივ მექანიზმებს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ.

პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა წარადგინა ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტი – თავდაცვის კოდექსის პროექტი. მისი თქმით, თუ წარმოდგენილ პროექტს აიღებენ საფუძვლად, სისტემაში რეალურად მოხდება ცვლილებები.

საბოლოოდ, პარლამენტის გადაწყვეტილებით, კენჭისყრის შედეგად, საკანონმდებლო პაკეტის განხილვას საფუძვლად დაედება მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი პროექტი, რომელსაც 69 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.