პარლამენტმა „ოფშორის კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია, კანონის პირვანდელ ვერსიას ხელახლა უყარა კენჭი და საბოლოოდ მიიღო.
კანონს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს დაუბრუნდება. თუ სალომე ზურაბიშვილი ხელს კვლავ არ მოაწერს, კანონზე ხელის მოწერა შეეძლება პარლამენტის თავმჯდომარეს. მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილი მას ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს, კანონი ძალაში შევა.
პარლამენტის მიღებული კანონის მიხედვით, გარდამავალ დებულებებს ემატება ახალი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში (ე.წ. ოფშორი) რეგისტრირებულ აქტივები, საქართველოში რეგისტირებულ კომპანიაზე გადმოფორმების შემთხვევაში, გათავისუფლებული იყოს მოგების/საშემოსავლო და იმპორტის გადასახადისგან.
საუბარია ისეთ საგადასახადო შეღავათებზე, რომელიც გავრცელდება აქტივებზე, რომელიც „დღეს ოფშორულ კომპანიაშია თავმოყრილი და გადმოეცემა იმავე ოფშორის მფლობელი ფიზიკური პირის კონტროლქვეშ არსებულ ქართულ კომპანიას”.
მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტმა კანონიდან მთლიანად ამოიღო პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში (ე.წ. ოფშორი) რეგისტრირებული აქტივები, საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაზე გადმოფორმების შემთხვევაში, გათავისუფლებული იყოს მოგების/საშემოსავლო და იმპორტის გადასახადისგან.
გარდა ოფშორის საკითხისა, კანონპროექტი ასევე შეეხებოდა საგადასახადო ამნისტიას, რომელიც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში უცვლელადაა გადატანილი.
პრეზიდენტის შეფასებით, ეს საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია. მისივე თქმით, მიუღებელი და დაუშვებელია კანონის დაჩქარებული წესით მიღება. პრეზიდენტი წერს, რომ ეს კანონი დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის ინვესტორებისა და მათი ინვესტიციებისთვის. ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, არ შეიქმნას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კანონისთვის გვერდის ავლის რისკი. პრეზიდენტი ასევე მიუთითებს, რომ კანონში წარმოდგენილი არ იყო ფინანსური დასაბუთება.
„არიან [ოფშორში კომპანიები], ვთავაზობთ ასეთ რამეს, რომ შეღავათს მოგცემთ. თუ გადმოვლიან, ძალიან მოგებაში დავრჩებით ისინიც, ჩვენც, თუ არ გადმოვლიან, რაც არის ახლა, ის დარჩება, არც ზარალი იქნება, არც მოგება. აი რა ფინანსური [დასაბუთება] უნდა გავაკეთოთ, მკითხავთან ხომ არ წავალთ, ვინ შეიძლება გადმოვიდესო, როგორ გავაკეთო ეს ფინანსური ანგარიში, ამიხსენით“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ, კანონის ერთ-ერთმა ავტორმა.
რაც შეეხება ქვეყანაში შავი ფულის შემოსვლის და სანქციებისგან თავის არიდების საფრთხეებს, კვიჟინაძემ თქვა:
„ფულის მოძრაობას არ ეხება საერთოდ. კიდევაც რომ შეეხოს, ოფშორის ფულები ყველაფერი გასაგებია და ყველაფერი არი კონტროლი ამერიკის და ევროპის გარშემო. შავ ფულს და თეთრ ფულს საერთოდ არ ეხება ეს კანონი, არაფერი კავშირი არ აქვს ფულის წასვლა-წამოსვლასთან. არ ეხება. ანდა კიდევაც რომ მოხდეს, რომ აქ რომ სანქციებზე საუბრობენ, თუ ვინმე დაასანქცირეს, საქართველო უშველის?“, – განაცხადა მან.
საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი დაჩქარებულად, 17 და 18 აპრილს განიხილა და 19 აპრილს მიიღო. პრეზიდენტმა კანონს ვეტო 3 მაისს დაადო.
ოპოზიცია ამ კანონის დაჩქარებული წესით მიღებას ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2021 წლის კვლევის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი 20 ოფშორულ კომპანიას ფლობდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, შესაძლებელია, ოფშორებთან დაკავშირებული ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იყოს, თუმცა ეს ასევე გაზრდის საქართველოში კრიმინალური და რუსული წარმომავლობის კაპიტალის შემოსვლის რისკს.
„რუსი ბიზნესმენები და ოლიგარქები ხშირად იყენებენ ოფშორული კომპანიების პრაქტიკას და არსებული საკანონმდებლო ცვლილებით, მათაც მიეცემათ საშუალება თავიანთი აქტივები საქართველოში საგადასახადო შეღავათებით გადმოიტანონ. ასევე, რადგანაც საგადასახადო შეღავათი ვრცელდება ოფშორული კომპანიის კუთვნილი საქონლის იმპორტზე, ეს ასევე შეეხება ისეთ საქონელს, რომელიც შესაძლოა არ იყოს დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობასთან – მაგალითად, მაღალი ღირებულებისა და ფუფუნების საგნებს, როგორიც ხელოვნების ნიმუშებია“, – აცხადებს ორგანიზაცია.