პარლამენტმა ომბუდსმენად ლევან იოსელიანი აირჩია

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტმა  96 ხმით მხარი დაუჭირა ომბუდსმენად ლევან იოსელიანს. წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ლევან იოსელიანი პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერია და მისი კანდიდატურა პარტიამ წარადგინა.

მოგვიანებით მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ლევან იოსელიანი საინტერესო კანდიდატი იყო და მას მხარს დაუჭერდა.

„გამოითქვა სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკოსი არ შეიძლება იყოს სახალხო დამცველი. ეს არის აბსოლუტურად მცდარი შეხედულება, ეს არის შეხედულება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის შინაარსთან და ლოგიკასთან. საქართველო არის საპარლამენტო ომბუდსმენის ქვეყანა, რაც გულისხმობს იმას, რომ პარლამენტი პოლიტიკოსების მეშვეობით ირჩევს სახალხო დამცველს და ალბათობა იმისა, რომ პოლიტიკოსი იყოს არჩეული სახალხო დამცველად გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერ სხვა, ვინც შეიძლება იყოს ამ თანამდებობაზე წარდგენილი. ის, რომ დღემდე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იკავებდნენ ამ თანამდებობას, ამას, რა თქმა უნდა, მივესალმები, ეს იყო კარგი, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები უფრო იყო მმართველი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც შეთანხმების საგანი იყო და პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობდა პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის.

ჩვენ გვაქვს კანონი სახალხო დამცველის შესახებ, სადაც ნათლად წერია, რომ სახალხო დამცველმა უნდა დატოვოს ყველა პოლიტიკური თანამდებობა, უნდა დატოვოს პოლიტიკა, პარტია, თუ ის არჩეული იქნება სახალხო დამცველად, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს ამის, რომ არჩევამდე სახალხო დამცველი შეიძლება იყოს პოლიტიკოსი, ეს ჩანაწერი გულისხმობს სწორედ ამას“, – განაცხადა გუშინ ლევან იოსელიანმა.