პარლამენტმა პარტიების დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტიკცა

პუბლიკა

79 მომხრე, 22 წინააღმდეგი – პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, ბიუჯეტიდან მისაღებ დაფინანსებას კარგავს და ვერც უფასო საეთერო დროს მიიღებს.

მესამე მოსმენაზე განხილული ვერსიით, პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და შეუძლებელია მისი/მათი ადგილმონაცვლე იმდენი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, რომ აღნიშნული პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა იმავე პარტიის მიერ მიღებული პარლამენტის წევრთა მანდატების ნახევარზე მეტი იყოს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

პარტია მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში, არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება. ასეთი გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან შეუჩერდება.

პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგა, კანონის ამოქმედებისთანავე დაფინანსება აღუდგება. ასეთ პარტიას ის თანხაც მიეცემა, რომელსაც ის მიიღებდა, დაფინანსება რომ არ დაეხარჯა.

ცვლილებების ამოქმედება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება.