პარლამენტმა პირბადის ტარების განმეორებით დარღვევაზე 50-ლარიანი ჯარიმის დაწესებას I მოსმენით მხარი დაუჭირა

პუბლიკა

77-მა დეპუტატმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ღია და დახურულ საჯარო სივრცეში, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით (ავტობუსი, მეტრო, სამარშრუტო ტაქსი) და ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევაზე  20 ლარით დაჯარიმებას (ეს ასეა დღესაც), განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი 50 ლარით.

პროექტის ავტორები არიან უმრავლესობის დეპუტატები – დიმიტრი ხუნდაძე, ზაზა ლომინაძე, რამინა ბერაძე, ვლადიმერ კახაძე.

კანონპროექტით ასევე სწორდება იმ მუხლის ფორმულირება, რომელიც ჯარიმას ითვალისწინებს. კერძოდ, 4211-ე მუხლის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე სანქციას, ხოლო ღია საჯარო სივრცეებზე ამ მუხლში ჩანაწერი არაა. პროექტის თანახმად აღნიშნული მუხლის შესაბამისს ნაწილს ემატება სიტყვები – ღია საჯარო სივრცე. ის, რომ აქამდე ამ მუხლში არ იყო ჩანაწერი ღია საჯარო სივრცეზე, სხვადასხვა ორგანიზაციის თუ პოლიტიკური პარტიის შენიშვნას იმსახურებდა.