პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საინიციატივო ჯგუფის კანონპროექტი ჩააგდო

პუბლიკა

32 მომხრე, 55 წინააღმდეგი, – პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერით ინიცირებული პროექტის მიხედვით, არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები უნდა განაწილდეს იმ პოლიტიკურ პარტიებზე და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც.

დღეს გამართლ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო ბლოკების საკითხს.

მომხსენებელმა მამუმა კაციტაძემ აღნიშნა, რომ საინიციატივო ჯგუფი მზად არის გაითვალისწინოს უმრავლესობის დეპუტატების მზაობა ნულოვალ ბარიერთან დაკავშირებით, თუმცა მისივე თქმით, აუცილებელია, რომ არჩევნებში მონაწილეობა საარჩევნო ბლოკებმაც შეძლონ. მან უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა, საკონსტიტუციო ცვლილებები ამ საკითხზე კონსენსუსის შედეგად მიეღოთ.

როგორც უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ისინი მხარს არ უჭერენ ბლოკებთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის პოზიციას.

მისი თქმით, ბლოკები, როგორც ნეგატიური ინსტრუმენტი, უარყოფითად გამოიყენებოდა ქართულ პოლიტიკაში გასული წლების განმავლობაში.

„ბლოკები იყო ის, რაც ხელს უშლიდა პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციას. რეალურად, განვითარებულ პოლიტიკურ სიტუაციაში პოლიტიკური პროცესის ექსკლუზიური სუბიექტი უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, როგორც ეს არის განვითარებულ დასავლურ დემოკრატიებში. თქვენ თუ ნახავთ დასავლურ ევროპულ გამოცდილებას, ყველგან ერთმანეთთან კონკურენციაში შედიან პარტიები და არსად არ გვხვდება ბლოკების პრეცედენტი. ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და გვინდა, საქართველოშიც დავნერგოთ ეს პრაქტიკა. მე დაახლოებით 10 წლის წინ ვამბობდი, რომ თუ ძალაში დარჩებოდა ბლოკების ინსტიტუტი, ამ შემთხვევაში საქართველოში კიდევ უფრო დიდი ხნით გადავადდებოდა პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაცია და რასაც ვამბობდი, ერთი ერთში ახდა. იგივე პროგნოზი შეგვიძლია, გავაკეთოთ შემდეგი 10 წლისთვისაც, თუ დარჩება ძალაში ბლოკის ინსტიტუტი… საუბარია ფიქტიურ პარტიებზე, რადგან იმისთვის, რომ ფიქტიურმა პარტიებმა მოიპოვონ დაფინანსება, გამოიყენება ბლოკის ინსტიტუტი.  გასულ წელს დაახლოებით 10 მილიონი ლარი მიიღო 11-მა ფიქტიურმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში. ეს არის ჩვენი გადამხდელების მიერ გადახდილი 10 მლნ ლარი, რომელიც გაიფლანგა“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტი არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას. ამავე პროექტით, არჩევნები ჩატარდება ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში, რაც ნიშნავს, რომ მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას.

პლენარული სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვასაც იგეგმება.