პარლამენტმა რუსულ კანონპროექტს კენჭი დღესვე უყარა და I მოსმენით მიიღო

პუბლიკა

პარლამენტმა დღესვე დაუგეგმავად განიხილა და კენჭიც უყარა რუსულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს. პარლამენტმა კანონპროექტი I მოსმენით, 76 ხმით უკვე მიიღო, წინააღმდეგი იყო 13 დეპუტატი.

მმართველმა პარტიამ გუშინ განაცხადა, რომ რუსული კანონპროექტების განხილვას პლენარულ სხდომაზე 9 მარტს დაიწყებდნენ. თუმცა, დღეს პლენარულ სხდომაზევე გადაწყვეტილება შეცვალეს და მაშინ როდესაც ოპოზიციის დიდი ნაწილო გასული იყო სხდომათა დარბაზიდან, შესვენების გარეშე დაიწყეს განხილვა.

მას შემდეგ რაც ამის შესახებ ცნობილი გახდა, მოქალაქეებმა აქცია დააანონსეს და პარლამენტთან შეიკრიბნენ. მოქალაქეებმა აქციაზე გაიგეს კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღების შესახებ. მოქალაქეების პროტესტი პარლამენტთან გრძელდება.