პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, 23-მა დეპუტატმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
სხდომას არ ესწრებოდნენ მამუკა მდინარაძე და ნიკა სამხარაძე. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მდინარაძემ სხდომა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოტოვა, ნიკა სამხარაძე კი აშშ-ში იმყოფება.
მხარდამჭერთა სიას შეემატნენ ფრიდონ ინჯია და გივი ჭიჭინაძე, რომლებსაც პირველ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
კანონის მიღებამდე მესამე მოსმენაა დარჩენილი. მესამე მოსმენის დროს კანონპროექტში მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებების შეტანა განიხილება. მესამე მოსმენით კენჭისყრის შემდეგ ჩაითვლება, რომ პარლამენტმა კანონი მიიღო.
რუსული კანონის მესამე მოსმენა, სავარაუდოდ, 12 მაისის სასესიო კვირაში გაიმართება.
პრეზიდენტმა უკვე დააანონსა, რომ კანონს ხელს არ მოაწერს და ვეტოს დაადებს. მესამე კენჭისყრის შემდეგ გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს 14 დღე აქვს.
ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, შესაძლებელია, კანონს ხელი შალვა პაპუაშვილმა მოაწეროს და გამოაქვეყნოს. ამის შემდეგ კანონი საბოლოოდ მიღებულად ჩაითვლება.
პარალმენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს კანონპროექტის განხილვის განმავლობაში სხდომათა დარბაზიდან 4 ოპოზიციონერი დეპუტატი – თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი და გიორგი ბოტკოველი გააძევა.
უმეტეს შემთხვევაში, პაპუაშვილის განმარტებით, მიზეზი ის იყო, რომ დეპუტატები მიკროფონის გარეშე საუბრობდნენ და მისი მოწოდების მიუხედევად არ შეწყვიტეს საუბარი.