პარლამენტმა საგანგებოს გარეშე შეზღუდვების კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პუბლიკა

79 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.

წინა მოსმენების შემდეგ კანონპროექტში გაჩნდება ჩანაწერი, რომ ამ კანონის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტით განსაზღვრული ღონისძიებების მოქმედების ვადად  15 ივლისი განისაზღვრება.

ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება, რომ საგანგებო მდგომარეობის გარეშე მთავრობამ საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში რიგი შეზღუდვები დააწესოს.

კანონპროექტის ინიცირებულ ვარიანტს  უარყოფითად აფასებენ ის დეპუტატები, რომლებიც არ არიან უმრავლესობაში. მათი თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და საპარლამენტო კონტროლს მიღმა მთავრობას ერთპიროვნული, ავტოკრატიული გადაწყვეტილებების ბერკეტს აძლევს.

გუშინდელი სხდომის დასასრულს სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა ირაკლი კობახიძე და აღნიშნა, რომ ის ნორმები, რომლებიც დგინდება ახალი კანონპროექტით, იყოს დროებითი, გაწერილი გარდამავალ დებულებებში.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, მიუხედავად ამ დათქმისა, კანონპროექტი მაინც არაკონსტიტუციურია. „კონსტიტუციური უფლებების შეღუდვასთან მაინც მივდივართ (საკუთრების შეზღუდვა, პირთა მიმოსვნის შეზღუდვა), უბრალოდ გამოსავალი ის არის და კი, დამამშვიდებელია, რომ 15 ივლისამდე იქნება ანტიკონსტიტუციური კანონი. თუ ამით გვამშვიდებთ, მაშინ კი, ეს არის დამამშვიდებელი, მაგრამ მაინც ანტიკონსტიტუციურია”.