პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პუბლიკა

136 მომხრე,  5 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

ახალი ცვლილებებით საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.


120/30 განაწილების საარჩევნო მოდელზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს შეთანხმდნენ. შეთანხმებას წინ ოპოზიციის რამდენიმეთვიანი პროტესტი უძღოდა წინ, რომელიც ნოემბერში უმრავლესობის მიერ პორპორციული საარჩევნო სისტემის პროექტის ჩაგდებას მოჰყვა.

პარლამენტთან ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციებზე ოპოზიციური პარტიები მოითხოვდნენ, ხელისუფლებას შეესრულებინა ივნისში გაცემული პირობა, გაეტარებინა კონსტიტუციური ცვლილებები და მიეღო პროპორციული საარჩევნო სისტემა. საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქცია და პიკეტი ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით ორჯერ დაშალა.

პოლიტიკური პროცესის გამწვავების შემდეგ კი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყების ფასილიტაციაში ევროკავშირის წარომადგენლობა და დიპლომატიურმა კორპუსი ჩაერთო.

მოლაპარაკების პროცესში ოპოზიციამ ხელისუფლებას პროპორციულის რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზა. მათ შორის: ე.წ. გერმანული მოდელი, „გერმანული მოდელის“ ადაპტირებული ვერსია და მრავალმანდატიანი ოლქები. ყველა მათგანი ხელისუფლებამ დაიწუნა. უფრო მეტიც, ამ დიალოგის პარალელურად მმართველი გუნდის მაჟორიტარების ნაწილმა, არათუ პროპორციული, სრულად მაჟორიტარული არჩევნების იდეაზეც კი დაიწყეს მუშაობა.

საბოლოოდ, ხელისუფლების განცხადებით, მათ წამოაყენეს ინიციატივა მმართველი გუნდისთვის ყველაზე კომპრომისულ საარჩევნო სისტემაზე – 100/50-ზე პროპორციული სისტემის სასარგებლოდ, მოლაპარაკება კი 8 მარტს 120/30 საარჩევნო მოდელის შეთანხმებით დასრულდა.

მოგვიანებით, მოლაპარაკებაში ჩართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს აღარ დაუჭერდნენ, რადგან მოლაპარაკებას მეორე ნაწილი ჰქონდა და რაც, მათი თქმით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ეხებოდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არიან და მოლაპარაკების საგანი ეს საკითხი არ ყოფილა.

15 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო, რაც პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების სურვილით ახსნა. დღემდე პატიმრობაში რჩება „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მფლობელი გიორგი რურუა, რომელსაც მისი მხარდამჭერები ასევე პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.

ამის გამო საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. „ევროპულმა საქართველომ“ კი 20 ივნისს თავისი გადაწყვეტილება შეცვალა და ბოიკოტი შეწყვიტა.