საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გენერალურ აუდიტორად სახაზინო სამსახურის ყოფილი უფროსის, ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას 87 ხმით დაუჭირა მხარი.
„ჩემი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტის საქმიანობა იქნება კონცენტრირებული ოთხი პრინციპის გარშემო – დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი, გამჭვირვალობა და ობიექტურობა. ამ პრინციპების გარშემო იქნება მიმართული მთელი ძალისხმევა, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ინსტიტუციურად ეს სამსახური“, – განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის კანდიდატურის წარდგენისას განაცხადა, რომ „ცოტნე ყავლაშვილი ნამდვილად მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე და მეორეს მხრივ, მაგალითი იმის, რომ კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი საჯარო სამსახურში ფასდება და ადამიანს კარიერული წინსვლის შესაძლებლობა აქვს“.
ცოტნე ყავლაშვილის ბიოგრაფიის მიხედვით:
2006 წელს საბიუჯეტო დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სამმართველო, სპეციალისტი;
2006-2007წწ. საბიუჯეტო დეპარტამენტის საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველო, სპეციალისტი;
2007 წელს უფროსი სპეციალისტი;
2007-2008წწ. მთავარი სპეციალისტი;
2008-2012წწ. საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2013 წელს ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სახაზინო სამსახურის უფროსი;
2015 წლიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.