პარლამენტმა საზმაუს ბორდში ლიკა შავგულიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა

პუბლიკა

დღეს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ახალი 3 წევრის არჩევის საკითხს უყარა კენჭი. პარლამენტმა 108 ხმით მხარი დაუჭირა ლაშა ტუღუშის არჩევას. ლაშა ტუღუში ომბუდსმენის მიერ დასახლებული კანდიდატია.

უმცირესობის კანდიდატმა ლიკა შავგულიძემ მხოლოდ 31 ხმა მიიღო და შესაბამისად, არ იქნა არჩეული საბჭოს წევრად. ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრად 83 ხმით იქნა არჩეული.

კენჭისყრამდე მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ უმცირესობის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს. საუბარია ლიკა შავგულიძეზე, რომელიც საბჭოს წევრობაზე ასარჩევად უმცირესობამ დაასახელა.

„საპარლამენტო ტრადიციის შესაბამისად იცით, რომ არის კვოტები, პოლიტიკური ჯგუფებისა და აქედან გამომდინარე გვქონდა მცდელობა, რომ დაეჭირათ მხარი [უმცირესობას] ჩვენი კანდიდატისთვის. პასუხი დადებითი ვერ მივიღეთ და შესაბამისად მათ წარმოდგენილ კანდიდატს მხარს არ დავუჭერთ.“ – განაცხადა მდინარაძემ.