პარლამენტმა საზოგადოებრივ მაუწყებელში ბორდის 3 ახალი წევრი აირჩია

პუბლიკა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის 3 ახალი წევრი 6 წლის ვადით აირჩია. ბორდის წევრი გახდა გია მურღულია, რომლის კანდიდატურაც პარლამენტს ასარჩევად უმრავლესობამ წარუდგინა. უმცირესობის კანდიდატებიდან კი პარლამენტის მხარდაჭერა ზაზა აბაშიძემ და ბონდო მძინარაშვილმა მიიღეს.

ზაზა აბაშიძე, ბონდო მძინარიშვილი და გია მურღულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ნინია კაკაბაძეს, ქეთი მსხილაძესა და გია იაკობაშვილს ჩაანაცვლებენ.

გია მურღულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი და პედაგოგია. ბონდო მძინარაშვილი ტელეკომპანია „ობიექტივის“ წამყვანია, ზაზა აბაშიძე კი „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ დამფუძნებელია. აღნიშნული ცენტრის მედიაპროდუქტია „ფლაგვის დეტექტორი“.

ზაზა აბაშიძემ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ბონდო მძინარაშვილმა კი – 95.

29 ივნისს განცხადება გაავრცელა „გამჭირვალობა საქართველომ“ და პარლამენტს სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდა. მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა ბორდში 3 ახალი წევრი აირჩია.

„გამჭირვალობა საქართველოს“ განცხადებით, სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობს. შესარჩევმა კომისიამ პარლამენტს 3 ვაკანტურ ადგილზე 8 კანდიდატურა წარუდგინა მაშინ, როცა, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, „ასარჩევზე, სულ ცოტა, სამჯერ მეტი კანდიდატურა“ უნდა წარედგინა, ანუ, ამ შემთხვევაში – არანაკლებ 9.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭო 9 წევრისგან შედგება. საქართველოს პარლამენტი დადგენილი წესით ირჩევს ორ მეურვეს სახალხო დამცველის წარდგინებით; სამს –  საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით; ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.