პარლამენტმა თავდაცვის კოდექსს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პუბლიკა

პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო პაკეტს – თავდაცვის კოდექსს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

უშუალოდ კოდექსს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა. პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი თავდაცვის კოდექსის პაკეტში შემავალ ყველა საკანონმდებლო ცვლილებას.

ახალი კოდექსი თავდაცვის სფეროს არაერთ მიმართულებას ეხება. მათ შორის სამხედრო სავალდებულო სამსახურს, რომელსაც პარტია „გირჩი“ და მოქალაქეთა ნაწილი ეწინააღმდეგება. სამხედრო სავალდებულო სამსახურის წინააღმდეგ „გირჩის“ ორგანიზებით მოქალაქეებმა პარლამენტის წინ აქციაც გამართეს.

ასევე „გირჩმა“ პარლამენტში თავდაცვის კოდექსის ალტერნატიული კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც წვევამდელებს სამხედრო სამსახურის გავლა ნებაყოფლობით შეეძლებათ.

თავდაცვის კოდექსის მიღების შემთხვევაში სავალდებულო სამხედრო სამსახურში მართლმადიდებელი სასულიერო პირების გარდა ყველა სხვა კონფესიის წარმომადგენელს გაიწვევენ. გაწვევის გადავადების საფუძველი ასევე ვეღარ იქნება „ბიბლიური თავისუფლების“ მოწმობაც. სასულიერო პირებს სამხედრო საქმის ნაცვლად მხოლოდ ალტერნატიული სამსახურის არჩევა შეეძლებათ.

მთავრობამ თავდაცვის კოდექსი და მასთან დაკავშირებულ სხვა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები პარლამენტში 2022 წლის 28 დეკემბერს შეიტანა.