პარლამენტში არშესული დეპუტატებისგან შეიქმნას სახალხო პარლამენტი - ნათელაშვილის ინიციატივა

პუბლიკა

პარლამენტში არშესული დეპუტატებისგან შეიქმნას სახალხო პარლამენტი, როგორც საკონსულტაციო-მაკოორდინირებელი ორგანო, გარდამავალ პერიოდში, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ჩვენი პასუხი უნდა იყოს მრისხანე. ისეთივე მრისხანე, რა ღელვაც ჩვენი ხალხის გულებშია ამ ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკით გამოწვეული. თუ ჰგონია ბიძინა ივანიშვილს, მის ამფსონებს , კობახიძეებს და სხვებს, რომ ყველაფერი შეიძლება იყიდონ ამ ქვეყანაში შიშით და ფულით – ეს იმედები ძალიან მალე საბოლოოდ ჩაემსხვრევათ. არავინ – არცერთი პარტია და არცერთი პოლიტიკოსი იმის გამო, რომ დაფინანსებას აუკრძალავენ, იმის გამო, რომ რეგისტრაციას გაუუქმებენ იმის გამო, რომ სარეკლამო დროს წაართმევენ არ შევა პარლამენტში, არ უღალატებს თავის ხალხს, თავის ისტორიას, თავის შვილებს და ჩვენი ქვეყნის მომავალს. დახვრეტაც რომ მოგვისაჯონ, არსად არ შევალთ სანამ არ დავამხობთ ბიძინა ივანიშვილის უკანონო არადემოკრატიულ რეჟიმს მშვიდობიანი მეთოდებით, რა თქმა უნდა“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უნდა შეჩერდეს ყველა მოლაპარაკება არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან, სანამ „ამერიკის და ევროკავშირის ელჩები არ დაგმობენ დიქტატურის დამყარებას ქვეყანაში“ და ასევე, პოლიტიკურ და ფინანსურ სანქციებს დაექვემდებაროს არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ, მისივე თქმით, ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტის ყველა წევრი, 21 მილიონერის ჩათვლით.