პარლამენტში ბიუროს სხდომის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან მედიის წარომადგენლები მივიდნენ. მათ „TV პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება და 5 ივლისს რადიკალური ჯგუფების მიერ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა გააპროტესტეს.
როგორც ჟურნალისტების ნაწილი „TV პირველთან“ ამბობს, მათ პარლამენტში შესვლა და დეპუტატებისთვის გასული დღეების მოვლენებზე კითხვების დასმა სურდათ, მაგრამ თავდაპირველად, პარლამენტის მანდატურები შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მოგვიანებით, პარლამენტში შესვლა ჟურნალისტმა შეძლეს, თუმცა დეპუტატების ნაწილმა შეკითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდა.
„დამნაშავეები რატომ არ ისჯებიან, შეგიძლიათ მითხრათ? დამნაშავეებს რატომ არ სჯით?“ – ამ შეკითხვით მიმართა ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანმა ვახო სანაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს.
„საკუთარ თავთან უფრო მეტი კითხვა გაქვთ დასასმელი“, – უპასუხა ჟურნალისტს სარჯველაძემ, რომელიც მედიასთან შეკითხვებზე საპასუხოდ არ გაჩერებულა.
ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანთან, ნანუკა ჟორჟოლიანთან შეკითხვებზე საპასუხოდ გაჩერდა დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ 5 ივლისს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტების ოფისებზე თავდასხმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაა და მისი, როგორც დეპუტატის აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანია.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ფაქტი, რომელიც მოხდა სრულად იყოს გამოძიებული… მე, როგორც პარლამენტის წევრი, პასუხისმგებლობას ვაკისრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს“, – თქვა ყაველაშვილმა.