„პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებს მოძრაობა „სირცხვილია”. სისტემა ყარს”, – ამის შესახებ ისინი საკუთარ facebook-გვერდზე წერენ.
როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას შოთა დიღმელაშვილი ამბობს, მოძრაობა „სირცხვილიას” ინიციატივით სხდომათა დარბაზში სპეციალური კაფსულა შეიტანეს და ცუდი სუნი გაუშვეს.
„ეს კაფსულები არ არის მომწამვლელი და ტყუილი პანიკაა”, – ამბობს დიღმელაშვილი.
უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტში ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა რაღაც ნივთიერება დაასხა და ამიტომ პლენარული სხდომის შეჩერება მოითხოვა. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძემ პლენარული სხდომის შეჩერების შესახებ მოთხოვნა დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ მიზეზი უსაფრთხოების ნორმებია.
დეპუტატ გია გაჩეჩილაძის თქმით, დეპუტატებმა რაღაც ნივთიერება დაასახეს. „საშინელი სუნი ჰქონდა. არ ვიცი, რა იყო, შხამი იყო თუ რა იყო. ახლა შეისწავლიან ქიმიურ შემადგენლობას. დიდი ეჭვია, რომ ეს არის ტერორისტული აქტი“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ორმა ადამიანმა (უცნობია ადამიანების ვინაობა) სასესიო დარბაზაში დაასხა ნივთიერება, რომელსაც ჰქონდა მძაფრი სუნი. „იმის გამო, რომ არ ვიცით, რა ტიპის ნივთიერებაა, გამოცხადდა შესვენება“, – განუცხადეს „პუბლიკას“ პარლამენტში.
პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ კენჭისყრა უნდა გამართულიყო. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია. მათგან 14-ზე იურიდიულმა კომიტეტმა დადებითი რეკომენდაცია გასცა.
პარლამენტთან დილიდან აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ.