პარლამენტში ელექტრონული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდა

პუბლიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დააინიციირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

კანონპროექტით, 2024 წლიდან საქართველო ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადადის.

საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის განმარტებით, სულ მცირე, ამომრჩევლის 70%-ს ექნება შესაძლებლობა, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით მისცეს ხმა მისთვის სასურველ პოლიტიკურ სუბიექტს.

მისი განმარტებით, ელექტორნული საარჩევნო სისტემა გულისხმობს საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციასა და იდენტიფიცირებას, ხმის მიცემას, ხმების დათვლასა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურებს, რაც ელექტრონული საშუალებებით განხორციელდება.

„ამასთანავე, ჩვენი გუნდის ინიციატივით, იმ უბნებზე, სადაც არ იქნება ელექტრონული მარეგისტრირებელი და მთვლელი აპარატურა, ამომრჩეველთან მიმართებაში იმოქმედებს მიცემული ხმების ამსახველი ბიულეტენების სრული გაციფრულება და მათი ატვირთვა ცესკოს ოფიციალურ ვებპორტალზე, რაც ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის  იქნება ხელმისაწვდომი.

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2024 წლიდან ფაქტობრივად მთელ ქვეყანაში არჩევნები ელექტრონული სისტემით გაიმართება“, – განაცხადა მიქანაძემ.

კანონპროექტით გათვალისწინებულია ასევე ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე ჯარიმის გამკაცრებაც.

– ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე არსებული 2000-ლარიანი ჯარიმა გაორმაგდება და გახდება 4000 ლარი.

– ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა გაიზრდება 2 თვიდან 3 წლამდე.

– საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესებისთვის განსაზღვრული 30 დღიანი ვადა განახევრდება და 15 დღედ განისაზღვრება.

– თუ საარჩევნო უბანში დათვლის შედეგად დაფიქსირდა 5 ან 5-ზე მეტი ან 10 ან 10-ზე მეტით ნაკლები ბიულეტენი მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით, საარჩევნო უბანი დაექვემდებარება გადათვლას.

– მარკირებას დაექვემდებარება ამომრჩეველი, ვინც გადასატანი ყუთით ისარგებლებს.

– გაიზრდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედების საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაჩივრების ვადა და ნაცვლად 2 დღისა, განისაზღვრება 3 დღით.

– შეზღუდვები დაუწესდება პროფესიული ნიშნით არჩეულ საოლქო და საუბნო კომისიის წევრებს, მათი ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის განსამტკიცებლად.

– დაწესდება საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრთა სერტიფიცირება და შეიქმნება სერტიფიცირებულ კომისიის წევრთა ბაზა.

– განმტკიცდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა მიერ არჩევნებში მონაწილეობის მარეგულირებელი კანონმდებლობა.

– გაფართოვდება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა მანდატი, მათ შესაბამისი რეგისტრაციის გავლის საფუძველზე შესაძლებლობა ექნებათ არასაარჩევნო პერიოდში დაესწრონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომებს.

– თითოეული პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო რაოდენობის ზედა ზღვარი ნახევრდება და არ იქნება საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-ზე მეტი, ნაცვლად არსებული 0.1%-ისა.

„უფრო გასაგები რომ იყოს, დღეს თითოეული პარტიისთვის არსებული წლის განმავლობაში ხარჯვითი 60 მილიონ ლარიანი ზედა ზღვარი მცირდება 30 მილიონიან ზედა ზღვრამდე“, – განმარტა მიქანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, წარმოდგენილი ცვლილების პროექტი ორიენტირებულია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტად დახვეწასა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან თანხვედრაში მოყვანაზე და ის პირდაპირ პასუხობს ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მას შემდეგ რაც წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით მიღებულ იქნება პარლამენტის მიერ, იგი დამატებითი საექსპერტო დასკვნისთვის გაეგზავნება ეუთო-ოდირსა და ვენეციის კომისიას. მათგან მიღებული რეკომენდაციების გათვალისიწნებით, პროცესი გაგრელდება მეორე და მესამე მოსმენის ფორმატში.

გივი მიქანაძის განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.