„ქართული ოცნების” პარლამენტში მუშაობა დაიწყო „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ”.
კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანია.
დღეს, 17 თებერვალს პირველ სხდომაზე მოუსმინეს „ქართული ოცნების” იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილს, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიმართულებით მუშაობს.
ძამაშვილმა სხდომაზე თქვა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვევა 282 საქმეზე დაადგინა. მისი თქმით, მათგან 79% 2003-2012 წლებზე მოდის. კერძოდ, მისი თქმით, დარღვევა დადგინდა შემდეგ მუხლებზე: სიცოცხლის უფლება და წამება, უკანონო პატიმრობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, შეკრება-მანიფესტაციის უფლების დარღვევა, საკუთრების უფლების დარღვევა.
მან ახსენა სანდრო გირგვლიანის, კორტების სპეცოპერაციის, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეები და ციხის ბუნტი.
ბექა ძამაშვილმა ასევე ილაპარაკა 2008 წლის ომის შემდეგ საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ საქმის წარმოებაზე და ახსენა ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633, რომელსაც „ქართული ოცნება” პროპაგანდისთვის იყენებს.
ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633-ის მე-5 პუნქტი, რომელზეც „ქართული ოცნება” აპელირებს, საუბრობს არა ომის დაწყებაზე, არამედ ესკალაციის ახალი, სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებებზე გადასვლის ეტაპზე. ამ პუნქტის თანახმად, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა.
რეზოლუცია ომის დაწყებაში არცერთ მხარეს არ ადანაშაულებს.
ძამაშვილმა თქვა, რომ რეზოლუციამ, რომელსაც ხელს მაშინდელი მმართველი გუნდის წევრები აწერენ, გავლენა მოახდინა იმ საქმეზე, რომელიც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ წააგო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში.
მისი თქმით, გადაწყვეტილებაში წერია, რომ ქართულმა მხარემ ვერ შეძლო, მტკიცებულებები წარედგინა და დაედასტურებინა, რომ საქართველოს მოსახლეობა იყო ეთნიკური წმენდისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი 2008 წლის ომამდე.
ბექა ძამაშვილმა ახსენა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის, ჰაიდი ტალიავინის დასკვნაც, რომელშიც ნათქვამია, რომ „ღია საომარი მოქმედებები დაიწყო საქართველოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციით ცხინვალის და მისი მიმდებარე ტერიტორიების წინააღმდეგ 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს. ოპერაცია ქართული მხარის მასობრივი საარტილერიო შეტევით დაიწყო”.
ტალიავინის დასკვნა საკუთარი პროპაგანდისთვის აქტიურად გამოიყენა რუსეთმა, „ქართული ოცნების” წევრები კი აცხადებენ, რომ ეს დასკვნა „ენმ-ის ღალატის დასტურია”.
„საერთაშორისო სასამართლოს სჭირდება მტკიცებულებები […]. ჩვენი ქვეყნის სიმართლის დადგენა აუცილებელი იყო მტკიცებულებით და სამწუხაროა ის გარემოება, რომ მთელ რიგ საქმეებზე მტკიცებულებები არ იყო საქმეში და ჩვენ მოგვიწია წლების შემდეგ ნულიდან მტკიცებულებების წარმოდგენა. ამ საქმეშია ისკანდერის ნაწილიც.
საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია „ისკანდერის“ დაკარგვის ნაწილიც. ამას ჰქონდა თავისი დანიშნულება, რატომ იყო ე.წ. ოქროს მტკიცებულება, იმისათვის, რომ ჩვენი სიმართლე დაგვედგინა.
„ისკანდერი“ რუსეთის ფედერაციამ გამოიყენა 2008 წლის 12 აგვისტოს. 12 აგვისტო არის მნიშვნელოვანი, რადგან, ეს არის პერიოდი, როდესაც ქართულ მხარეს უკვე 10 აგვისტოდან მოყოლებული, ცალმხრივად აქვს საბრძოლო მოქმედებები შეწყვეტილი, გორში აღარ იმყოფება სამხედრო ტექნიკა და ფაქტობრივად, იქ არიან მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა.
ეს კასეტური რაკეტა გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიზუსტით, ანუ, ფაქტობრივად, ის ჩამოვარდა იქ, სადაც ისროლეს – ეს იყო ოქროს მტკიცებულება, რომელსაც უნდა დაედასტურებინა, რომ საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული დამიზნებით, განზრახვით ეს კასეტური იარაღი და როდესაც საქმეში ჩავიხედეთ, ამ გარემოების დადასტურება გვჭირდებოდა საერთაშორისო სასამართლოს წინაშე, აღმოჩნდა, რომ მთავარი მტკიცებულება არათუ საქმეში, არამედ, საერთოდ საქართველოში არ იყო“. – თქვა ბექა ძამავილმა.
თეა წულუკიანის თქმით, დღეს, 17 თებერვალს კომისია გამოჰკითხავს პროკურატურის და შსს-ის წარმომადგენლებს.
მისივე განცხადებით, 21 თებერვლის სხდომაზე, სავარაუდოდ, მოწვეული იქნება ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც 2005 წლის მარტში ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე იყო. ასევე, ნათია მოგელაძე, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური გაერთიანებების შესაბამის დეპარტამენტს მართავდა და ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც წულუკიანისვე თქმით, „მრავალი წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ მას 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მე-2 ტური მოჰპარეს“.
კომისია „გამოიძიებს” 2003 წლიდან 2012 წლამდე ჩატარებული არჩევნების საკითხებს.
თეა წულუკიანმა თქვა, რომ 2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე ათასობით მოქალაქეებს ხმები წაართვეს.
მისივე თქმით, კომისიის სხდომაზე დასწრება აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი მკაცრია.
„მინდა, ყველა ის პირი, ვინც იქნება მოწვეული ჩვენი კომისიის წინაშე, მკაცრად გავაფრთხილო, არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში, ეს არის ძალიან სერიოზული პროცესი“, – თქვა თეა წულუკიანმა.