პარლამენტში ფემიციდთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოსა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით ფემიციდის შესახებ სისტემური მოკვლევა იწყება.

პარლამენტის ცნობით, ამ მიზნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ფემიციდის შემთხვევების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის საკითხებს, მათ შორის, არსებულ გამოწვევებსა და ფემიციდის შემთხვევათა პრევენციის სისტემის გაუმჯობესების შესაძლებლობებს შეისწავლის.

მათივე ცნობით, სამუშაო ჯგუფის მუშაობის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდება იმ ფაქტორების გამოვლენასა და გაანალიზებაზე, რომელიც ფემიციდის შემთხვევების რაოდენობაზე ახდენს გავლენას. კერძოდ, გაანალიზდება ამ მიმართულებით სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა და არსებული ხარვეზები, მედიასაშუალებების მიერ ფემიციდის შემთხვევების გაშუქების სტანდარტები, ასევე, საზოგადოების ცნობიერების ხარისხი და მისი გავლენა ფემიციდის დანაშაულზე.

გენდერული თანასწორობის საბჭო და კომიტეტი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობისთვის იწვევს ქალთა უფლებების დაცვით დაინტერესებულ ყველა მხარეს.

„განსაკუთრებული ჩართულობისკენ მოვუწოდებთ პარლამენტის წევრ ქალებს. ქალების უფლებების დაცვის იდეა დიდწილად ყოველთვის გვაერთიანებდა და გვჯერა, ამ პროცესშიც ერთობლივი ძალისხმევა ხელშესახებ შედეგებს მოიტანს“, – ნათქვამია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოსა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ერთობლივ განცხადებაში.