პარლამენტში ღარიბაშვილის გამოსვლას ოპოზიციის ნაწილი არ დაესწრება

პუბლიკა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში წარდგება.

მის გამოსვლას პარლამენტში არ დაესწრებიან „ევროპული საქართველოსა” და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები.

„ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ღარიბაშვილთან კითხვები არ აქვთ. ამასთან, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, სანამ 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდება.

„ღარიბაშვილი არის გამორჩეულად ოდიოზური მინისტრი ამ მთავრობაშიც კი, რომელიც იმკვიდრებს სახელს თავისი სიბნელით, არაკომპეტენტურობით და,  რეალურად, მასთან არანაირი კითხვები არ გაგვაჩნია. ძალიან კარგად ვიცით მისი დამოკიდებულება. ძალიან კარგად ვიცით, როგორი კორუფციული გარიგებები ხდება მის სამინისტროში, მათ შორის, ამ ბოლო პერიოდში ბევრი სკანდალური ფაქტი გასკდა. კარგად ვიცით მისი ქონებისa და საათების შესახებ, ამიტომ რაიმე კითხვის დასმას ამ პირობებში არ ვაპირებთ.

ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტი გრძელდება მანამ, სანამ 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდება. მას მერე, რაც შეთანხმება შესრულდება, ცვლილებები მიიღება და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. შემდეგ შეგვიძლია განვაახლოთ ჩვენი საქმიანობა პარლამენტში”, – აცხადებს კაპანაძე.

ასევე, ბოიკოტის რეჟიმში რჩება „ნაციონალური მოძრაობა”. რომან გოცირიძე აცხადებს, რომ თუ ღარიბაშვილი ინტერპელაციის წესს დაარღვევს და ოპოზიციის კითხვებს არ უპასუხებს, ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება.

„ჩვენ ვართ ბოიკოტის რეჟიმში. არ დავესწრებით მის მოსვლას. მან გააკეთა ანტიკონსტიტუციური განცხადება, რომ პარლამენტში მოსვლისას არ უპასუხებს ოპოზიციის კითხვებს. ეს შეიძლება შეფასდეს როგორც კონსტიტუციის დარღვევა, ვინაიდან ე.წ. ინტერპელაცია არის კონსტიტუციურად უზრუნველყოფილი საკანონდმებლო ნორმა”, – აცხადებს გოცირიძე.

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის რანგში პარლამენტის წინაშე დღეს პირველად წარდგება.