პარლამენტში გომელაურის მისვლას მოითხოვენ

პუბლიკა

„თუ თქვენ მართლა რეალურად ფიქრობთ, რომ ეს იყო უმძიმესი ძალადობრივი აქტი, უნდა მოვიდეს შინაგან საქმეთა მინისტრი და გაგვცეს პასუხი – რატომ ვერ დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს გამართლ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„რატომ მოხდა ის, რომ პოლონელი ტურისტი, რომელიც დავიდ გარეჯის გადასაღებად არის ჩამოსული, დღეს დაჭრილი წევს საავადმყოფოში? ამაზე პასუხი უნდა მოვთხოვოთ და როცა მთავრობის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებას, მართლა მაინტერესებს, თქვენ ეთანხმებით, რომ მაქსიმუმი გაკეთდა გუშინ? თქვენ ფიქრობთ, რომ აქ პოლიციამ მაქსიმუმი გააკეთა? ათასობით და ათიათასობით პოლიციელები გვინახავს როცა ოპოზიციის შეკრებაა სადმე და სად იყო ეს სპეცსამსახურები. სად იყო ეს სპეცრაზმები, სად იყო საპოლიციო ძალები?“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამავე თემაზე განცხადება გააკეთა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ. მისი თქმით, პრემიერ- მინისტრისა და შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

„პირდაპირ დგება პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავრობის ხელმძღვანელის და შინაგან საქმეთა მინისტრის. გვიჩნდება ეჭვი, რომ იყო მითითება, ბრძანება მიცემული პოლიციელებზე, რომ არ ჩარეულიყვნენ, როცა ხედავდნენ, რომ ძალადობა ხდებოდა ჟურნალისტებზე, გამვლელებზე და ა.შ. შემდგომში რეაგირება რა თქმა უნდა მოხდა, დიდი დაგვიანებით. ჩანდა, რომ თითქოს იყო მითითება პოლიციელებზე, რომ მათ არ მიეღოთ მონაწილეობა ამ დანაშაულების აღკვეთაში და პრევენციაში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.