იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენის პროცესი გრძელდება.
დღეს, კომიტეტის წევრები შვიდ კანდიდატს – ავთანდილ კახნიაშვილს, რუსუდან კვინიკაძეს, გოგა კიკილაშვილს, ალექსანდრე კობაიძეს, ალექსანდრე კურცხალიას, გია ლილუაშვილს და ხათუნა ლორიას გაესაუბრნენ.
კანდიდატებმა კომიტეტს გააცნეს საკუთარი ხედვა მათი არჩევის შემთხვევაში თუ რა მიმართულებებით გეგმავენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ეფექტიანად წარმართვას,
გამოხატეს მოსაზრებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორმაგი 2/3-ით გადაწყვეტილების მიღების წესთან, საბჭოს წევრის ვადასთან, 2012 წლიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებაში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან და ევროკომისიის 12 – პუნქტიანი გეგმის შესრულების ფარგლებში სასამართლოს რეფორმის კუთხით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.
ავთანდილ კახნიაშვილის წარმდგენია საქართველოს იურისტთა გილდია, რუსუდან კვინიკაძის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები და საზოგადოებრივი პროგრამირების ცენტრი; გოგა კიკილაშვილის – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; ალექსანდრე კობაიძის – ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია; ალექსანდრე კურცხალიასი – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი და ა(ა)იპ სამართლის რწმენა; გია ლილუაშვილის – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და ხათუნა ლორიასი – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენის პროცესი ორშაბათს, 12 დეკემბერს გაგრძელდება.
კომიტეტის სხდომა 10:00 საათზე დაიწყება. დაგეგმილია ექვს კანდიდატთან – ანა აბაშიძეთან, თამარ მახარობლიძესთან, როინ მიგრიაულთან, ლია მუხაშავრიასთან, ლევან ნემსაძესთან და ნინო ნიშნიანიძესთან გასაუბრება.