პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს უნდა მოუსმინონ. ცოტა ხნის წინ, ტრიბუნასთან გასულ მინისტრს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატებმა სიტყვა შეაწყვეტინეს.
ამ დრომდე სხდომის განახლება ვერ ხერხდება. პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდების მიუხედავად დეპუტატები ტრიბუნის წინ დგანან გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოებით ხელში.
მინისტრმა თავისი გამოსვლა სამძიმრით დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახის მიმართ. სწორედ ამის შემდეგ გავიდნენ დეპუტატები ტრიბუნასთან. ისინი ამბობენ, რომ მთავრობა უნდა გადადგეს და დაისაჯოს დამნაშავეები, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი.
„გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, დაისაჯოს ყველა მოძალადე”, – პარლამენტის წინ მედიასაშუალებების ორგანიზებით მორიგი აქცია გუშინ გაიმართა.
5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებული „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები შეიკრიბნენ. ისინი თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, რის შედეგადაც დაშავდა 53 მათგანი. რამდენიმეს დასჭირდა ოპერაციული ჩარევა.
მათ შორის იყო „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგიც რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი. 5 ივლისს ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 5 პირი.