„პარლამენტში“ მივლენ ჩემი ადვოკატები, რომ პროკურორს დაუსვან კითხვები - მელია

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ მის იმუნიტეტთან დაკავშირებით საკომიტეტო განხილვაზე მისი ადვოკატები აპირებენ მისვლას და პროკურორისთვის კითხვების დასმას. ის იმედოვნებს, რომ ადვოკატები საკანონმდებლო ორგანოში შესვლაში წინააღმდეგო არ წააწყდებიან.

„ხვალ, 16 თებერვალს, 10 საათზე „პარლამენტში” იურიდიული და საპროცედურო კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე პროკურორი მიდის.

„პარლამენტში“ მივლენ ჩემი ადვოკატებიც – გიორგი კონდახიშვილი, დიტო საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია. ადვოკატები მიდიან ერთადერთი მიზნით – პროკურორს დაუსვან კითხვები, რათა მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში ნახოს და კიდევ ერთხელ გაიგოს, რომ ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, არანაირი მტკიცებულება და არანაირი არგუმენტი ჩემს წინააღმდეგ.

იმედია, გავრილოვები მორიგ სიგიჟეს არ მოიმოქმედებენ და შეუშვებენ ჩემს ადვოკატებს გავრილოვის „პარლამენტში“.

გარანტიას გაძლევთ და კიდევ ერთხელ გიმეორებთ – ვერ დამიჭერთ! ვერავინ დამიჭერთ მურუსიძით დაწყებული, ივანიშვილით დამთავრებული!

და სულ ბოლოს ბოდიში მე კი არა, აქეთ თქვენ გექნებათ მოსახდელი ჩემს წინაშე კი არა, ამ ქვეყნის წინაშე!”, – წერს ნიკა მელია.



ნიკა მელიას საქმე:

12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობისთვის სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის თაობაზე პარლამენტს მიმართა.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით. მას აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო და ასევე დაუწესდა ელექტრონული მონიტორინგი.

ნიკა მელიამ პირველ ჯერზე გირაოს თანხა შეიტანა. თუმცა, 1 ნოემბერს, აქციაზე პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული სამაჯური. იმის გამო, რომ მან ამით დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობები, პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით მიმართა.

სასამართლომ გირაო გაამკაცრა და ის 40 000 ლარით, 70 000 ლარამდე გაიზარდა. გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდის ვადად განისაზღვრა 50 დღე. სწორედ ამ გირაოს გადახდაზე განაცხადა უარი ნიკა მელიამ.

შესაბამისად, ბრალდების მხარემ 12 თებერვალს აღნიშნა, რომ კანონმდებლობით მას აქვს ვალდებულება, რომ ამ ჯერზე სასამართლოს კიდევ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შუამდგომლობით მიმართოს. ამისთვის კი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაა საჭირო. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, უმრავლესობა მხარს დაუჭერს მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას.