პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნის წესის ცვლილებას უმრავლესობა მხარს დაუჭერს - მდინარაძე

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაში პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ პარლამენტის წევრები, რომლებმაც დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა.

ცვლილებების ინიციატორები „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები, რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე არიან. დეპუტატებმა აღნიშნული ცვლილებები 11 მაისს, მას შემდეგ დაარეგისტრირეს, რაც პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა არ მიეცათ.

რეგლამენტის არსებული რედაქციით, პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეუძლიათ ერთი პარტიიდან წამოსულ დეპუტატებს, თუმცა ეს არ ეხებოდა საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიას.

ურავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა ამ ცვლილებას მხარს დაუჭერს.

კანონპროექტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ოპოზიციაში. ცვლილებების ინიციირების შემდეგ. 17 მაისს ენმ-ის ფრაქცია დატოვა იმ 4-მა დეპუტატმა, რომლებმაც იუსტიციის საბჭოში სამი არამოსამართლე წევრის არჩევას მისცა ხმა.

ამის შემდეგ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეს ინიციატივა მათ შესაძლებლობას მისცემს, რომ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი და ისარგებლონ ამ უპირატესობით.

„ქართული ოცნება“ ხაზს უსვამს იმას, რომ ცვლილებები ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის ინიციირებულია.