პარლამენტში „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა

პუბლიკა

დღეს პარლამენტში „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ყაველაშვილმა ფიცი ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დადო.

„დღეიდან, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ხალხის ჭეშმარიტ ნებას და კონსტიტუციას დაიცავს! პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ღირებულებების და ინტერესების სადარაჯოზე იქნება! მინდა, მიხეილ ყაველაშვილს ვუსურვო წარმატება საპატიო მისიის აღსრულებაში“,- განაცხადა ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლამდე „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ღონისძიება მიხეილ ყაველაშვილის სიტყვის გამოსვლით დასრულდა.

„ჩვენი ისტორია მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ სამშობლოსა და ტრადიციების დასაცავად გადატანილი უამრავი ბრძოლის კვალდაკვალ, ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ღირებულება იყო მშვიდობა, როდესაც ჩვენს ერს სიმშვიდეში – შრომის, საკუთარი კულტურის გამდიდრების, გენიალური ხელოვნების ნიმუშებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების შექმნის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა…

მოგეხსენებათ, ქართული სუფრა არამხოლოდ ჩვენი ტრადიციებისა და დამოკიდებულებების გამოვლინებაა, არამედ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ყველაზე უკეთ გვიჩვენებს ჩვენი – ქართველების დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ. ნებისმიერი ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყება. ამით ქართველი კაცი ღმერთს ადიდებს, მადლიერებას გამოხატავს და პირველ რიგში მშვიდობას შესთხოვს. ეს აიხსნება სწორედ ჩვენი წარსულით, იმით, რომ ომებისგან დაქანცულ ქართველებს მშვიდობა სანატრელად გვაქვს ქცეული. ქართველ ხალხს ყოველთვის კარგად ჰქონდა გათავისებული, რომ მშვიდობა გადარჩენისა და განვითარების მთავარი საწინდარია! კეთილდღეობის მიღწევა, უწყვეტი განვითარება, უსაფრთხო და ნათელი მომავლის უზრუნველყოფა, ბედნიერებისკენ სწრაფვა მხოლოდ იმ პირობებშია შესაძლებელი, თუკი არსებულ გამოწვევებს სიფრთხილით მოვეკიდებით, გავაანალიზებთ ჩვენს წინაშე არსებულ საფრთხეებს და გადაწყვეტილებებს არა ემოციებზე დაყრდნობით, არამედ გააზრების შედეგად მივიღებთ!..

სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გვმართებს! წარსულში დაშვებული შეცდომების გაანალიზება უნდა იყოს თითოეული ჩვენი მომავალი გადაწყვეტილების საწინდარი. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე…

გადამწყვეტი როლი შეასრულა თავისუფლების მოყვარე ქართველი ადამიანის ხასიათმა, რომელიც არ ეგუება – ჩაგვრას, უსამართლობას, უპატივისმცემლობასა და ამპარტავნულ დამოკიდებულებას; რომელიც მოითხოვს პატივი სცენ ჩვენს ტრადიციებს, ღირებულებებს, ეროვნულ იდენტობას, ოჯახის სიწმინდეს, სარწმუნოებას და თანასწორად მოეპყრონ ჩვენს სამშობლოს. სწორედ ასეთი – მტკიცე, შეუპოვარი ხასიათის დამსახურებით მოახერხა ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ ამ უთანასწორო ბრძოლაში მშვიდობის შენარჩუნება, უსამართლობასთან და სიცრუესთან გამკლავება. თანაც ისე, რომ ვაგრძელებთ ეკონომიკურ წინსვლას, განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და ევროპული ოჯახისკენ სვლას”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის თქმით, ის აპირებს იყოს „ყველას პრეზიდენტი“ და მისი საქმიანობა საზოგადოების კონსოლიდაციისა და გაერთიანებისკენ იქნება მიმართული.

„ჩემთვის საქართველოს თითოეული მოქალაქე ძვირფასია, მათი შეხედულებებისა თუ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. მე ვაპირებ ვიყო ყველას პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, ვის მოვწონვარ და ვის არა! ჩემი მომავალი ძალისხმევა მიმართული იქნება საზოგადოების კონსოლიდაციისა და გაერთიანებისკენ.

მიუხედავად იმისა ვის რა შეხედულებები აქვს ამა თუ იმ საკითხზე – ჩვენ უნდა მოვახერხოთ გაერთიანება ჩვენი სამშობლოს, ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული წესების გარშემო. იმ მომავლის გარშემო, რომლის შენებაც ჩვენ ერთად უნდა განვაგრძოთ”,- განაცხადა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილი საინაუგურაციო ღონისძიებაზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა. ღონისძიებას ესწრებოდა „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

ინაუგურაციაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იყვნენ პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

ინაუგურაციაზე დიპლომატიური კორპუსი მოწვეული არ იყო.