პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფი იქმნება | როგორ აფასებს დაგეგმილ რეფორმას ოპოზიცია

პუბლიკა

პარლამენტში  საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი იქმნება. ამასთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა და პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა, ლევან იოსელიანმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის ბეჭდურ ვერსიას პარლამენტის ვებგვერდი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული ყველა არჩევნები აღიარებულია, როგორც სანდო, გამჭვირვალე და კონკურენტული. მისი თქმით, ამის მიუხედავად, პარტია ცდილობდა, დაეხვეწა და გამოესწორებინა მცირედი ხარვეზიც კი.

„ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად, საარჩევნო სისტემის მაქსიმალური სრულყოფისთვის, ყველა შემდგომ არჩევნებთან დაკავშირებით ყოველგვარი სკეფსისისა და დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მასშტაბურ საარჩევნო რეფორმას მოამზადებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმა – ასე შეაფასა მან დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილება და განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი ათზე მეტი პუნქტისაგან შედგება და ითვალისწინებს ცვლილებებსა და პროცედურების დახვეწას ბევრი მიმართულებებით, მათ შორის:

  • შეიცვლება ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობის, მათ შორის ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის წესი;
  • ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად გადაისინჯება ნორმები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ. ასევე, გადაისინჯება საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული ნორმები, რათა უზრუნველყოფილი იყოს დავების დროული, გამჭვირვალე და ჯეროვანი გადაწყვეტა;
  • საქართველოს დიდ ქალაქებში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ოთხი ერთზე თანაფარდობით პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის. სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, არანაკლებ ორი ერთზე თანაფარდობით პროპორციული სისტემის სასარგებლოდ;
  • რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაინერგება ელექტრონული ტექნოლოგიები, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, განიხილება საარჩევნო ბარიერის დაწევა 0-3%-მდე ფარგლებში, თუ პარლამენტში შემოვა დეპუტატების ის რაოდენობა (113 დეპუტატი), რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად.

ჯგუფის მუშაობას წარმართავს ორი თანათავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობიდან შალვა პაპუაშვილი და ოპოზიციიდან მემორანდუმზე პირველი ხელმომწერი პარტიის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ლევან იოსელიანი.

პაპუაშვილის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფში, საპარლამენტო პარტიებთან ერთად, წარმოდგენილი იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები.

შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს არა უგვიანეს 2021 წლის 1 მარტისა წარედგინება, ხოლო პარლამენტის მიერ კანონპროექტების მიღება კი მოხდება არაუგვიანეს 2021 წლის 1 მაისისა.

„მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ეს არის ის რეფორმა, რისთვისაც პარტია იბრძოდა, რაც მოხსნის არჩევნების გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას.

„ჩვენ, პარტია „მოქალაქეებმა“ „ქართულ ოცნებასთან“ გავაფორმეთ მემორანდუმი იმისთვის, რომ აქ, ამ პარლამენტში ეს საარჩევნო რეფორმა მოგვეტანა. ჩვენ მოგვიწია ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მოვიტანეთ, მოვაწერეთ ხელი და დღეს უკვე იწყება მუშაობა იმისთვის, რომ ყოველი შემდგომი არჩევნები ამ ქვეყანაში ჩატარდეს კარუსელების, მკვდარი სულების, დაუბალანსებელი ოქმების და ათასი სხვა მანიპულაციების გარეშე. ყველა სხვა არჩევნები, რომელიც ამ ქვეყანაში ჩატარდება, პირველად 30 წლის შემდეგ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, იყოს გამჭირვალე და აღარ დაისვას მთავარი შეკითხვა – გაყალბდა თუ არა არჩვენები?! ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ, პარტია „მოქალაქეები“ ვიბრძოდით და ეს არის ის, რასაც ვთვლით, რომ მოვიპოვეთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ოპოზიციონერი კოლეგების წვლილზეც ისაუბრა, თქვა, რომ დაანონსებულ რეფორმაზე ისინიც მუშაობდნენ და მათ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.


სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას გამოეხმაურნენ ის პარტიები, რომლებიც ჯერ ისევ ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო საქმიანობას.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ვერცერთი თემა ვერ გადაფარავს ახალი არჩევნების მოთხოვნას, ყველა სხვა ცვლილება უნდა განიხილებოდეს პაკეტში მასთან ერთად.

„ვერანაირი საარჩევნო ცვლილება და ვერანაირი სხვა თემა ვერ გადაფარავს იმ მთავარ საკითხს, რასაც ჰქვია ახალი არჩევნები ქვეყანაში. ეს ცვლილებები უნდა განიხილებოდეს პაკეტში ახალ არჩევნებთან ერთად. ასე რომ, ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის უცვლელი“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ლევან თარხნიშვილის მტკიცებით, მემორანდუმი შექმნილია იმ დოკუმენტზე დაყრდნობით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკებებზე წარმოადგინა და ამ დოკუმენტს არ დაეთანხმა არც მისი პარტია, არც ოპოზიცია.

„რატომ უნდა დავუბრუნდეთ ამ დოკუმენტს, აბსოლუტურად გაუგებარია და ჩვენ ველით ახალ ადეკვატურ შეთავაზებებს“, – თქვა თარხნიშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ გაავრცელეს განცხადება, რომელშიც საუბარია მოლაპარაკებაზე განხილულ საარჩევნო რეფორმასა და ელისაშვილსა და „ოცნებას“ შორის გაფორმებულ მემორანდუმს შორის განსხვავებაზე.

„1. ოპოზიციის შეთანხმებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები, მათ შორის ვადამდელი, ტარდება სრულად პროპორციული სისტემით, სტანდარტული ოთხი წლის ვადით.„მოქალაქეების“ ვერსიაში, ამაზე საუბარი საერთოდ არ არის, შესაბამისად, რჩება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების არსებული წესი (120/30 ზე).

2. ოპოზიციის მემორანდუმში ნათქვამია, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, ნებისმიერი მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკრებულოს ფორმირება ეფუძნება პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების ოთხი ერთთან თანაფარდობას. „მოქალაქეების“ ვერსიით, მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში ყველა შემდეგი საკრებულოს არჩევნები ჩატარდება ოთხი ერთზე თანაფარდობით პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის. სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის იქნება არანაკლებ ორი ერთზე პროპორციული სისტემის სასარგებლოდ.

3. ოპოზიციის მემორანდუმში გათვალისწინებულია ყველა დონის კომისიაში რვა საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ კომიიის წევრების დანიშვნა, სრული უფლებამოსილებით. „მოქალაქეების“ ვერსიაში განსაკუთრებით საგანგაშოა პარტიების მიერ წარდგენილი კომისიის წევრების უფლებრივი მდგომარეობის შეზღუდვა, პარტიების მიერ წარდგენილი კომისიის წევრები მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობენ, რაც დღევანდელ მდგომარეობასთან მიმართებაშიც კი არსებითი გაუარესებაა.

ამასთან „მოქალაქეების“ დოკუმენტი ითვალისწინებს კომისიის წევრების წარდგენას მხოლოდ პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების მხრიდან და არა არჩევნების შედეგების მიხედვით წევრების წარდგენის უფლებას.

4. ოპოზიციის მემორანდუმში ნათქვამია, რომ ყველა დონის საარჩევნო კომისია შედგება 12 – დან 15 – მდე წევრისგან. რვა კომისიის წევრს ნიშნავს რვა საუკეთესო შედეგის პოლიტიკური პარტია, ბოლო არჩევნების შედეგების საფუძველზე, პარიტეტული პრინციპით. ცესკოს პროფესიულ წევრებს 4-7-მდე ნიშნავს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ დასახელებული კანდიდატებიდან. „მოქალაქეების“ მემორანდუმით ცესკოს შემადგენლობა განისაზღვრება პროფესიული ნიშნით არჩეული არანაკლებ 7 და არაუმეტეს 11 წევრით.

5. ოპოზიციის მემორანდუმში სავალდებულოდაა გათვალისწინებული, ყველა უბანზე ერთი მაღალი რეზოლუციის კამერის დამონტაჟება, პირდაპირი სტრიმინგით, რომელიც კენჭისყრის პროცესში დაფარავს საარჩევნო ყუთს, ხოლო დათვლის დროს დათვლის მაგიდას. დათვლის პროცესში თითოეული ბიულეტენი უნდა ჩანდეს კამერაზე. დაუშვებელია კამერის განთავსება კენჭისყრის კაბინების დასაფარად ან ამომრჩეველთა სახის გადაღება. „მოქალაქეების“ ვერსიით, ეს საკითხი სავალდებულო არ არის და საარჩევნო უბნების კამერებით მხოლოდ „შეძლებისდაგვარად“ უზრუნველყოფას ითვალისწინებს, ამასთან არ არის დეტალურად გაწერილი პროცედურა, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ეს დაინერგება.

6. ოპოზიციის მემორანდუმში ნათქვამია, რომ ცესკომ უნდა გაასაჯაროვოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომელი უბნის ოქმები შესწორდა, რა მიზეზით და რის საფუძველზე. „მოქალაქეების“ ვერსიაში არაფერია ნათქვამი ცესკოს ამ ვალდებულებაზე.

7. ოპოზიციის მემორანდუმში ნათქვამია, რომ პარტიების წარმომადგენლების საარჩევნო უბნებიდან გაძევება მოხდება კომისიის წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით და სულ მცირე ორი პარტიის მხარდაჭერით.

„მოქალაქეების“ ვერსიაში არაფერია ნათქვამი ამ საკითხზე, რაც ნიშნავს, რომ კვლავ ერთპიროვნულად კომისიის თავმჯდომარეს ექნება გაძევების უფლება. სამი საკითხი, რომელზეც ვერ მოხდა შეთანხმება, თუმცა ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის განსახილველ საკითხთა შორის იყო, ეს საკითხები საერთოდ არ არის მოხსენიებული „მოქალაქეებთან“ გაფორმებულ მემორანდუმში, კერძოდ, გიორგი რურუას განთავისუფლების საკითხი, ცესკოს წევრების/ცესკოს თავმჯდომარის შეცვლის საკითხია და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი“, – წერია განცხადებაში.