პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდა

პუბლიკა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120 პროპორციული 30 კი მაჟორიტარული ფორმატით გამართვას ითვალისწინებს.

„დარეგისტრირდა კონსტიტუციის ის პროექტი, რომელშიც ასახულია შეთანხმების ყველა ის დეტალი, რაზეც ჩვენ და ოპოზიციამ მოვახერხეთ შეთანხმება. იქნება 120/30-ზე და იქნება 40%იანი ჩამკეტი” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ კანონპროექტის დარეგისტრირების შემდეგ.

ცნობილია, რომ თბილისში 7-ის ნაცვლად 8 მაჟორიტარული ოლქი იქნება. რომელი რეგიონის ხარჯზე გაიზარდა თბილისში მაჟორიტარების რაოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოლქების ამგვარ განაწილებაზე დილას, ევროკავშირის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციასაც ესაუბრა და ეს მათი პრინციპული შეთანხმების ნაწილია. შეთანხმებას ადასტურებს „ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძეც.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, შემდეგ პლენარულ სხდომაზე  შეიქმნება საკონსტიტუციო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს კანონპროექტის საჯარო განხილვებს. მისი თქმით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჯარო განხილვების ფორმატი და პლატფორმა შეიცვალოს, თუმცა ის აუცილებლად გაიმართება.  პარლამენტის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები არჩევნების დემოკრატიულად გამართვის ამომავალი წერტილი იქნება.

კანონპროექტის საბოლოოდ მისაღებად 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. მმართველ პარტიას „ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების ხმები სჭირდება.

თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტი აუცილებლად უნდა ასახავდეს იმ შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა მოაწერეს ხელი. „აუცილებლად დავუჭერ მხარს, თუკი ეს ყველაფერი იქნება წარმოდგენილი დოკუმენტში”, – განაცხადა მან.

„პრინციპებს ვეთანხმები. შესაბამისად, თუ ეს პრინციპები ზუსტად იქნება ასახული და დაცული იქნება კანონად ქცევის პროცესში ყველა პირობა, რაც იყო წინასწარ შეთანხმებული, რა თქმა უნდა, ხმას მივცემ”, – ასეთია ეკა ბესელიას პოზიცია.

სანამ ხელისუფლება შეთანხმების ე.წ. „პოლიტპატიმრების” ნაწილს არ შეასრულებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმშია. დეპუტატები არ მონაწილეობენ საპარლამენტო აქტივობებში და არც საარჩევნო კანონპროექტის კენჭისყრაში აპირებენ მონაწილეობას.

„თუ ეს შეთანხმება არ შესრულდება ანუ ის მნიშვნელოვანი კომპონენტი იმ ერთიანი შეთახმებისა, რომელსაც ხელი მოაწერეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ოპოზიციამ, ჩვენ ამ შეთანხმებას მივიჩნევთ შეუსრულებლად, ვერ შევწყვეტთ ვერც საპარლამენტო ბოიკოტს და ნორმალიზაცია ვერ მოხდება ზოგადად სიტუაციის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეთანხმების შესრულების ნაწილში „ნაციონალური მოძრაობას“ ეთანხმება „ევროპულ საქართველოც”:

„ორი კომპონენტი ჰქონდა შეთანხმებას – პოლიტპატიმრები, რეპრესიები და საარჩევნო სისტემა. თუ რომელიმე ძალაში არ არის, შეთანხმება აღარ არსებობს. მე არ მინდა პინგ-პონგის თამაში. ყველას ინტერესია, რომ ყველა საკითხი, რაც იყო დასმული, გადაწყდეს, რათა ნორმალური ვითარება იყოს“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია.

„ეს არის მოგონილი თემა. საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე პოლიტიკური ოპონენტების მოთხოვნას.

8 მარტს ამერიკის საელჩოში გამართულ შეხვედრაზე მმართველი პარტია და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით გაიმართება, დადგინდა 1%-იანი ბარიერი და 40%-იანი ე.წ. ჩამკეტი პარტიისთვის, რომელიც მთავრობას დააკომპლექტებს.

შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია ამტკიცებს, რომ შეთანხმებას მეორე ნაწილიც ჰქონდა, რომელიც, მათი თქმით, ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას ავალდებულებს. „ქართული ოცნების” წევრები კი ამბობენ, რომ კონკრეტულ გვარებზე არავითარი შეთანხმება არ ყოფილა.