პარლამენტში სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ოპოზიციის ნაწილი არ ესწრება

პუბლიკა

დღეს, 11 ივლისს პარლამენტში სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე მიწვეული მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფები არიან. მას არ ესწრებიან ენმ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს პროცესი იმიტაციურია.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტიკური ჯგუფები სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების წერილობით ანალიზს წარმოადგენენ. მისივე თქმით, დოკუმენტი უკვე მზად აქვთ „მოქალაქეებსა“ და „ოცნებას“.

„ჩანს, რომ არის შეუთანხმებლობა შეფასებაში, დიაგნოზში და იმისთვის, რომ ამ შეფასებებში ვნახოთ, რა არის ამის არგუმენტი, საჭიროა, ეს იყო ანალიზზე და არგუმენტებზე დაფუძნებული“, – განაცხადა მან.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ვისაც უნდა ევროკავშირის გზაზე სიარული, ჩაერთვება რეკომენდაციების განხორციელებაში“.

შალვა პაპუაშვილი აკონკრეტებს, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკური ჯგუფები თავიანთ ხედვებსა და არგუმენტებს გაცვლიან, სამუშაო ჯგუფის მუშაობაში სამოქალაქო საზოგადოებასაც ჩართავენ.

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მას არ აქვს იმის იმედი, რომ სასამართლო სისტემაში ეფექტიანი რეფორმა განხორციელდება. მისი თქმით, მისი გუნდი აკვირდება პროცესს, რომ შემდეგ საზოგადოებას გააცნოს, როგორ უყურებს მმართველი გუნდი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას.

„ლელოს“ ერთ-ერთი წევრი ლანა გალდავა ამბობს, რომ სანამ არ ჩაინიშნება სესია, რომლის დღის წესრიგი ორიენტირებული იქნება 12 პუნქტის შესრულებაზე, სხვა პროცესები იმიტირებულია და მასში მონაწილეობა – დამაზიანებელი.

იგივე პოზიცია აქვს „სტრატეგია აღმაშენებელსაც“. პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტში უკვე რეგისტრირებულია კომპლექსური რეფორმების კანონპროექტი, რომელის განხილვას პარლამენტი აჭიანურებს.