პარლამენტში შესასვლელ საბაბად კოლეგა ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმა გამოიყენა – კაპანაძე ელისაშვილზე

პუბლიკა

„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ევროპული საქართველო“ ცდილობს, აურიოს და ჩაშალოს მოლაპარაკებისა და საერთო შეთანხმების პროცესი, სერგი კაპანაძემ ბრიფინგით უპასუხა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შესასვლელად საბაბს ეძებს და ამ ეტაპზე კოლეგა ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმა გამოიყენა.

„მას თუ უნდა, რომ შევიდეს, უნდა თქვას, რომ აპირებს შესვლას. ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ იმიტომ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა და იმიტომ, რომ ახლა წაართვეს ქართველ ხალხს ნება თავისუფალ არჩევნებზე. ამის გამო გვინდა, ახალი არჩევნები გაიმართოს და თუ მას მიაჩნია, რომ კოდექსში რაღაცის გაუმჯობესების შედეგად უნდა შევიდეს პარლამენტში, ამ არჩევნებს თავი დაანებოს და თქვას, რომ ეს არჩევნები, კი ბატონო, სამართლიანი იყო და ივანიშვილს გაუპრავოს ეს პარლამენტი და ლეგიტიმაცია მისცეს. ეს უნდა გადაწყვიტოს და რატომ შემოაქვს ასეთი განხეთქილება ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებიც ჩამოყალიბებულები ვართ? ეჭვებს აჩენს მის რაღაც ქვენა ზრახვებზე. სხვა არანაირი დასკვნის გაკეთება არ შემიძლია და საუბარი იმაზე, რომ „ევროპული საქართველო“ არის საბოტაჟის რეჟიმში, არასერიოზულია“, – განაცხადა კაპანაძემ.

„მოქალაქეების“ ლიდერის განცხადებით, მაშინ, როცა ელჩების მითითების საფუძველზე, დეტალებზე არავინ საუბრობს, „ევროპული საქართველო“ მოლაპარაკების დეტალებს ასაჯაროებს. ელისაშვილი ამას „საბოტაჟს“ უწოდებს.

„მე რომ სიტყვას ვაძლევ, იმ სიტყვის ერთგული ვარ, განსხვავებით სხვა პარტიებისგან; ბოკერიას პარტია დადის იმ შეხვედრებზე მარტო იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს და აურიოს ყველაფერი. საბოტაჟით არიან დაკავებულები.

რატომ, იცით? იმიტომ, რომ ვერ მოხვდნენ პარლამენტში, ბოკერია და უგულავა. ამიტომ უნდათ, ყველაფერი არიონ და თავი მოეჭრათ ერთ ზუგდიდში, მეორეს ფოთში; წავიდა კაი ნიკო ნიკოლაძესავით ბოკერია და 6% აიღო ფოთში. არ ვიცი, რა ეგონა, იქ რას მიაღწევდა… უნდათ, ყველაფერი აურიონ და ჩაშალონ“, – განაცხადა მან.