პარლამენტში შესვლა/არ შესვლა - „გირჩი" და „სტრატეგია აღმაშენებელი" შეკითხვებს პასუხობენ

პუბლიკა

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ წევრები პარლამენტში შესვლაზე ფიქრობენ. ვახტანგ მეგრელიშვილმა და სერგო ჩიხლაძემ მედიასთან ეს ინფორმაცია უარყვეს.

„ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ ჩვენ სამნი [ხვიჩია, მეგრელიშვილი, რაქვიაშვილი], გიორგი ვაშაძე და ელისაშვილი შევდიოდით პარლამენტში.

„ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ფეხის შემდგმელი არ ვარ. თუ დავარწმუნეთ „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენთან ერთად შემოვიდეს, რა თქმა უნდა, შევალთ. მართლა ვიძახი. რაღაცები მომწონს და მინდა, დამეხმაროს „ნაციონალური მოძრაობა“ იმ შედეგის მიღებაში, რომელიც, ყველამ იცის, მინდოდა და ჩვენ ყველას გვინდოდა. ეს სასამართლო რეფორმას არ ეხება და მინდა, საჯაროობის უფლება მივიღო. ჩვენს ამომრჩეველსაც, თქვენც დიდი სიამოვნებით დაგელაპარაკებით“, – განაცხადა „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

განმარტება გააკეთა „გირჩის“ კიდევ ერთმა წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა:

„მე დარწმუნებული ვარ, ახლა რომ შეგვეძლოს ამის საჯაროდ საუბარი, ყველა გაიგებდა, ზოგადად, რა ტიპის ლოგიკით ვხელმძღვანელობთ ჩვენ და რატომ გვეთანხმება, მაგალითად, ბევრი სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსი.

თუ ჩვენ მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, გიორგი ვაშაძესთან ერთად, ზოგადად, სხვა ოპოზიციონერებთან მივაღწევთ იმას, რაც ჩვენ გვინდა – ახლა ასეთი არ არის, უბრალოდ, გასაგები რომ იყოს – თუ მივაღწევთ ერთობლივი პოზიციით, მე დარწმუნებული ვარ, აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციისა იქნება პარლამენტში.

არ არსებობს შეთანხმება, რომელიც ლეგიტიმურობის ნაკლებობის პრობლემას არ მოაგვარებდა, ანუ ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა თავისთავად. ჩვენ რასაც ვმსჯელობთ, ეს არის, როგორ მოვაგვაროთ ლეგიტიმურობის პრობლემა. მეორე პრობლემა, რაც გვაქვს, ჩვენი ამომრჩეველი აზრზე არ არის, რა ხდება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ბინძური თავდასხმის“ ობიექტი გახდა.

„ისევე, როგორც წინასაარჩევნოდ, ძალებმა, რომელიც ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ, მათ შორის, ბატონი ნკა გვარამიას მხარდაჭერილმა ძალებმა დაარღვიეს ოპოზიციური შეთანხმება, მისი უშუალო მონაწილეობით დამიყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა ქართველი ხალხისთვის.

ჩემი და ჩემი გუნდის ამოცანაა, ის ადამიანები, ვინც არც ნაცებს და არც ქოცებს ხმა არ მისცა ამ არჩევნებზე, ეს ყველა უნდა გავაერთიანოთ. იმისთვის, რომ ამ მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ. არ ვაპირებ სხვის რიტორიკასა და ბინძურ ქმედებებზე აყოლას და ყველას გეუბნებით, თავი შეიკავოთ.

როგორც ჩანს, ჩვენი გზები ნამდვილად განსხვავდება – მე მინდა, ბიძინა ივანიშვილი მოვაშთო ამ ქვეყნიდან და ხელისუფლებიდან, თქვენ გინდათ, მთელი ცხოვრება იყოთ ოპოზიციაში მუდმივად პირველები. იმიტომ შევდივარ ელჩებთან შეხვედრაზე, რომ შედგეს საერთო შეთანხმება.

არაფერს არ განვიხილავთ, ჩვენს პარტიაში ყველა ამ აზრზეა. ასეთი თავდასხმებით, ასეთი ვითომ ინფოებით მართულ ბინძურ კამპანიას ყოველთვის დავუპირისპირდებით.

ყველა საკითხზე ან შევთანხმდებით სულ ყველა, ან ვერ შევთანხმდებით. დიახ, ჩემი ამოცანაა არც „ნაციონალური მოძრაობა” და არც „ქოციონალური მოძრაობა”, არამედ 30%-იანი დიდი მონოლითი, რომელიც ამ მოჯადოებული წრიდან გამოყვანს პროცესს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ეს გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მოლაპარაკებები არ დასრულებულა და მისი თქმით, ფუნდამეტურ საკითხებზე [არჩევნები ან პლებისციტი, პატიმრები…] შეთანხმება არ შემდგარა.

„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს არსად შესვლას და გამოსვლას“, – განაცხადა ჩხილაძემ.

„ლელოში“ გამართულ შეხვედრაზე არ გამოჩენილან გავრცელებული ინფორმაციის უშუალო ადრესატები – პაატა მანჯგალაძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი.