პარლამენტში შესვლის საკითხზე ხვალიდან დავიწყებთ კონსულტაციებს - მელიას პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

პუბლიკა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

ევროკავშირის მიერ გადმორიცხული 40 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მან რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ნიკა მელიამ მედიასთან განცხადება გააკეთა:

„რასაც თვალ-ყურს ვადევნებდი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, ოლიგარქის მიერ სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული ხალხის კომენტარებს, მე რაც უნდა ვთქვა, ამ ადამიანებს საჯარო პოზიციას ვერ შევაცვლევინებ.

ეს ადამიანები თუ თვლიან, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა თანხის გადახდით დაადასტურეს ჩემი ბრალეულობა, ნუ ამ უსაგნო კამათს განა აზრი აქვს? ორი შედეგია – ან „ქართულ ოცნებაზე“ დაყრდნობით, თანხა ჩაერიცხა მძიმე კრიმინალს, როგორც მიწოდებენ, საერთაშორისოდ აღიარებულ კრიმინალს, რომელიც ალბათ კონკურენციას გაუწევს „ქართული ოცნების“ კარზე დასაქმებულ კრიმინალებს, ეს ნახევრად ხუმრობით;

ან მეორე – ჩაურიცხეს ხელისუფლებას პოლიტიკოსის გამოსასყიდად.

ორი გამოსავალია, ან კრიმინალი დაიხსნა ცივლიზებულმა სამყარომ ჩემი სახით, ან პოლიტიკოსი. ორივე შემთხვევაში ამ ხელისუფლებისთვის ვიქნები ძალიან სერიოზული საფრთხე“, – განაცხადა მელიამ.

შეკითხვებზე – შევა თუ არა პარლამენტში; ან იქნება თუ არა ის თბილისის მერობის კანდიდატი, – მისი პასუხია, რომ ყველა შეკითხვაზე პასუხს ამ ფორმატში ვერ გასცემს მედიას.

„პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, ხვალიდან გაიმართება მჭიდრო კონსულტაციები პირველ რიგში ბლოკ „ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებში, პარტიაში, უშუალოდ მეგობრებთან და ასევე არასაპარლამენტო პარტიის ლიდერებთან, მათ წარმომადგენლებთან და იმ პარტიებთან, ვინც პარლამენტში შევიდნენ, ამას დასჭირდება არაერთი დღე.

დიახ, პარტიაში არის განსხვავებული პოზიციები ამ საკითხზე.

…ბუნებრივია, მეც მაქვს ამბივალენტური დამოკიდებულება რიგ საკითხებთან მიმართებაში. უბრალოდ, მგონია, გადაწყვეტილება უნდა იყოს  პრაგმატული, რაციონალური. ამ ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი მე ვერანაირად ვერ ვიქნები, ეს პოლიტიკური ციხე რახან დავტოვე. ჩემი რწმენით, პერიოდულად გვავიწყდება,რა დაუნდობელ მოწინააღმდეგეს ვებრძვით. პრაქტიკულად დარწუნებული ვარ, არ ვარ ბოლო პოლიტიკური პატიმარი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში“, – განაცხადა მან.

მელიას თქმით, საპატიმროში ყველაზე ნაკლებად მერობის კანდიდატობაზე უფიქრია. მისი განცხადებით, ამას სჭირდება თითოეულ მედიასთან „კარგი ინტერვიუ“.

ნიკა მელიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ციხის ადმინისტრაციამ გამოუშვა სხვა კარიდან და არა იქიდან, სადაც მას თანაგუნდელები, მხარდამჭერები, ოჯახის წევრები და მედია ელოდებოდა.

მან გათავისუფლება უსურვა ყველა პატიმარსა და პოლიტპატიმარს, მიუხედავად იმისა, რისთვის იხდიან ისინი სასჯელს.

„ენმ“-ის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ასევე მედიას და თავის გულშემატკივრებს. მათ, ვინც, მისი თქმით, სტაბილურობას გულშემატკივრობს.

მელიამ ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს გაწეული ძალისხმევისა და მონდომებისთვის, ასევე შარლ მიშელსა და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს. მელიას განსაკუთრებული მადლობის ადრესატი ჟიგიმანტას პავილიონისიც გახდა.


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი დღეს შეეცვალა.

ნიკა მელიას გირაო ევროკავშირმა გადაიხადა. ამ საკითხის შესახებ შარლ მიშელის მედიაციით შეთანხმებული დოკუმენტის ხელმოწერის პროცესში გახდა ცნობილი.

40 000 ლარი ორგანიზაციამ „ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის“ გამოყო და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პროკურატურის ანგარიშზე 8 მაისს ჩარიცხა.