პარლამენტში XI მოწვევის პირველი სხდომა დაიწყო.
პარტიებს შორის მას მხოლოდ „ქართული ოცნება“ ესწრება, დარბაზშია ბიძინა ივანიშვილი.
სხდომაზე არიან მართლმადიდებელი სასულიერო პირები, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა, სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ცოტნე ყაველაშვილი.
სხდომაზე არ არიან საქართველოში მომუშავე დიპლომატები.
ლადო კახაძემ, რომელმაც, როგორც უხუცესმა, დღევანდელი სხდომა გახსნა, განაცხადა, რომ რეგისტრაცია გაიარა 89 დეპუტატმა.
ანუ ყველამ, ვინც, ცესკოს მონაცემებით, პარლამენტის მანდატი მიიღო.
პარლამენტის პირველ სხდომაზე ორი დროებითი კომისია – ხმის დამთვლელი კომისია და სამანდატო კომისია შეიქმნა.
რეგლამენტის თანახმად, დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 11 წევრის შემადგენლობით ირჩევა და ბიულეტენების მომზადებას, დარიგებასა და კენჭისყრის პროცესს ხელმძღვანელობს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია ან ფარული კენჭისყრის დროს.
დროებითი ხმის დამთვლელი კომისია საქმიანობას ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგის ამოწურვისთანავე შეწყვეტს.
რაც შეეხება პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას, ის 17 წევრის შემადგენლობით იქმნება და უფლებამოსილება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დაკომპლექტებისთანავე შეუწყდება.
ცესკოს თავმჯდომარემ პარლამენტს არჩევნების შედეგები გააცნო და სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაცია გადასცა.
დროებითი სამანდატო კომისია დოკუმენტებს შეისწავლის და შედეგებს დადგენილების პროექტში ასახავს.
პარლამენტი პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას, დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარდგენილი ერთიანი სიით, დადგენილებით სცნობს.
პარალელურად, პარლამენტის შენობის წინ და უკანა შესასვლელთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. ოპოზიცია და მოქალაქეები პარლამენტს, გაყალბების მასშტაბის გამო, არალეგიტიმურად მიიჩნევენ და არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ.
პირველ სხდომაზე მოისმენენ ცესკოს თავმჯდომარის მოხსენებას და შეიქმნება სამანდატო კომისია, რომელმაც უფლებამოსილების ცნობისთვის არჩეული დეპუტატების სია უნდა შეადგინოს.
პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოშია სარჩელი, რომლითაც მას პრეზიდენტმა და ოპოზიციურმა პარტიებმა მიმართეს. პრეზიდენტის სარჩელის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები უნდა გაბათილდეს, ვინაიდან დაირღვა არჩევნების საყოველთაოობა და ფარულობა.
საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი დაარეგისტრირა, თუმცა, ჯერ არ უთქვამს, მიიღებს თუ არა სარჩელს არსებითად განსახილველად.
იურისტები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, ცნოს როგორც წევრების უფლებამოსილება, ისე – მიიღოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება.
ანუ, სანამ არჩევნების შედეგები, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.