ალეკო ელისაშვილის თქმით, პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილებას მეხუთე რაუნდის გამართვის შემდეგ მიიღებს. მისი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლების და საარჩევნო კანონმდებლობის ძირფესვიანი შეცვლასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში ის მზადაა შევიდეს პარლამენტში.
“გვაქვს ასეთი გეგმა. ველოდებით მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, რადგან გვაქვს ელჩების პატივისცემა, რომელთაც უზარმაზარი შრომა ჩადეს. თუ მეხუთე რაუნდი არ გაიმართება, მოვიფიქრებთ როგორ ვიმოქმედოთ. თუკი “ქართული ოცნება“ იმ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, რაც ჩვენი აზრით, ამ ქვეყნისთვის საშვილიშვილო ამბავია, ანუ საარჩევნო რეფორმა და ცესკოს ფუნდამენტური ცვლილება, ასევე ციხეში მყოფი პოლიტპატიმრების გამოშვება და თუკი ამ პირობების შესრულების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, “ქართული ოცნება“ ცვლილებებს მიიღებს, დაარქმევს მას ელექტრონული არჩევნების სისტემას, მაგრამ იქნება გამოღრუტნული და გამოშიგნული შინაარსის ცვლილებები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისი თქმით, ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში მისი პარტია მზადაა შევიდეს პარლამენტში.
“პარლამენტში სულ რომ მარტო შევიდეთ, მარტო შევალთ, რადგან მართლა დაგვემხო ქვეყანა თავზე – გაბუტვისა და ზურგით დგომის დრო აღარ არის, – ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.
“გამოგლიჯოთ რაც გამოსაგლეჯია. რისთვის ვიბრძოდით ცესკოსთან? ყოველთვის ვამბობდით, რომ ეროვნული ქვაკუთხედი მოთხოვნების არჩევნების ძირფესვიანი ცვლილებაა. არჩევნები თუ სანდო არ გახდა გინდა ვადამდელი ჩაატარე და გინდა სამ დღეში ერთხელ ატარე არჩევნები. აი, აქ გაიყო ჩვენი და დანარჩენი ოპოზიციის გზები. ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ გვინდა მარტო ვადამდელი არჩევნები და მორჩა. თუ სისტემა არ შეიცვალა რა აზრი აქვს ვადამდელ არჩევნებს?” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისი თქმით, პარტია “მოქალაქეებმა” დაამტკიცა, რომ საკითხებს სახელმწიფოებრივად უყურებენ და ამას დრო გამოაჩნეს.
“ჩვენ ვიქცევით ჩვენი რწმენით. არ გვინდა რომ მარტო მოვაწეროთ იმას ხელი. არ გვინდა ნამდვილად. გვინდა რომ იქ 60 ოპოზიციონერი იყოს.” -განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.