პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და ყვითელი დონე ამოქმედდა. ეს დონე ვიზიტორებისთვის შენობაში შესვლაზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს.
„ოცნების“ პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაკონკრეტებული არაა როდემდე იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე. ონლაინმედიას პარლამენტის შენობაში შესვლა შეზღუდული აქვს.
„28 ნოემბერს გამოცხადებული უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და 6 დეკემბრიდან, მის გაუქმებამდე მოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ერთი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე“, – წერია განცხადებაში.
ბრძანება, რომელსაც აღნიშნული გადაწყვეტილება ეყრდნობა, პარლამენტის თავმჯდომარემ 2023 წლის 04 სექტემბერს მიიღო. ამავე ბრძანებისა და არგუმენტის საფუძველზე ონლაინმედიას პარლამენტში დაშვებაზე დაბრკოლება რუსული კანონის განხილვის დროსაც შეუქმნეს.