საქართველოს პარლამენტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტში წარმატებული ემიგრანტებისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და თანამემამულეებისთვის პანდემიის პერიოდში გაწეული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
პარლამენტის ცნობით, ღონისძიებაზე პანდემიის პერიოდში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მედიკოსებს და იმ ადამიანებს, რომელთაც შემოწირულობა გაიღეს, გაწეული საქმიანობისთვის სიგელები პარლამენტის წევრებმა გადასცეს.
პარლამენტში ამბობენ, რომ ხვალ, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია მონაწილეობას მიიღებს წარმატებული ემიგრანტების დაჯილდოების ცერემონიალში.