პარლამენტთან 2007 წლის 7 ნოემბრისთვის მიძღვნილი აქცია იმართება

პუბლიკა

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გია გაჩეჩილაძის მოძრაობა „აი იას“ ორგანიზებით მართავენ აქციას, სახელწოდებით – „არ აგარევნებთ“.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები 17:00 საათიდან 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის დაშლის გახსენების მიზნით შეიკრიბნენ, სადაც სიტყვით გამომსვლელბმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება. გია გაჩეჩილაძემ აქციაზე ასევე განაცხადა, რომ მიმართავს ხელისუფლებას 7 ნოემბერს „ღირსების დღესასწაული“ დაწესდეს.

„მართალია, მანამდე იყო ბუტა[რობაქიძე], მანამდე იყო სანდრო[გირგვლიანი], მაგრამ მასიური ტერორი იწყება ზუსტად 7 ნოემბრიდან. ამიტომ, ვიფიქრე და თუ შეიძლება ერთად მივმართოთ და ვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად“, – თქვა გაჩეჩილაძემ.

2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე მყოფი მოშიმშილეები ძალის გამოყენებით გაიყვანა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, რასაც მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა, იმავე დღეს რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეები სპეცრაზმმა დაშალა. მოგვიანებით კი სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა ტელეკომპანია „იმედში“ და მაუწყებლობა გათიშა.