პარლამენტთან ანა დოლიძესა და პოლიციას შორის შელაპარაკებაა

პუბლიკა

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემების დარეგულირების მიზნით პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანს მიმართავს. მიმართვა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანას შეეხება.

პარლამენტთან მისულმა ანა დოლიძემ ღობეზე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სიის გაკვრა სცადა, რასაც პოლიციასთან შელაპარაკება მოჰყვა.

„ქართული ოცნების“ პარლამენტარები დღეს იღებენ ხელფასს, ხალხის ფულს, შესაბამისად, ვალდებულნი არიან, კი არ ამოეფარონ ამ რაღაცა ვითომ რაუნდებს, არამედ იმუშაონ ხალხისთვის, უმწვავესი პრობლემა დღეს არის ის 75 ათასი ადამიანი, ახალგაზრდა,  რომელიც დარჩა განათლების უფლების გარეშე. განათლების კომიტეტი, რომელიც იღებს ხელფასს ჩვენი გადასახადებიდან, ვალდებულია, იფიქროს, როგორ გაუნახევროს ან გაუუქმოს გადასახადი ამ 75 ათას პირს. ამისთვის მოვედით აქ“, – უთხრა ჟურნალისტებს დოლიძემ.

ანა დოლიძის მიმართვის ორი ძირითადი მოთხოვნაა: პანდემიისგან გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში 2020-2021 სასწავლო წლისთვის სასწავლო გადასახადის განახევრება და სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის 2019-2020 სასაწავლო წელს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული სტუდენტის სტატუსის აღდგენა.