პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა 9 აპრილის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა.
„დაკავებულები არიან პოლიციისთვის წინააღმდეგობის და დაუმორჩილებლობის ფაქტზე. აქციის მონაწილეებს შეეძლოთ გამოეხატათ პროტესტი, როცა იდგნენ ტროტუარზე და არ ახდენდნენ სატრანსპორტო საშუალებების და პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას. შემდეგ გარკვეულმა ორგანიზატორებმა მოუწოდეს, რომ გადაეკეტათ სავალი ნაწილი და შესასვლელები, რის შემდეგაც ჩვენ მოვუწოდეთ მათ, რომ გაეთავისუფლებინათ გზა და გადასულიყვნე გზიდან, თუმცა ზოგიერთი პირი არ დაემორჩილა პოლიციას და ამის გამო დააკავეს“, – თქვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ.
პარლამენტთან დილიდან აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ. დღეს დეპუტატებმა იურიდიულ კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას კენჭი უნდა უყარონ.
აქციის მონაწილეები დეპუტატებს შეძახილებით „მონა“ ხვდებიან.