პარლამენტთან აქციაზე „თავისუფლებისთვის“ და ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქციაზე, რომლებიც პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ, სავარაუდოდ, სამართალდამცველი დაშავდა.
„ტვ პირველის“ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გამოიყვანეს პოლიციელებმა ერთ-ერთი სამართალდამცველი კორდონიდან და სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩასვეს. „პუბლიკა“ ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
პარლამენტის შენობის წინ გუშინდელი ძალადობრივი მოვლენების გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. აქციას შეუერთდნენ სხვადასხვა მოძრაობის წევრები, პოლიტიკოსები და Tbilisi Pride-ის წევრებიც. რუსთაველის გამზირზე, მოპირდაპირე მხარეს ძალადობრივი ჯგუფის წევრები არიან შეკრებილები და იმართება ე.წ. კონტრაქცია. ისინი პარლამენტის შენობის წინ ცდილობენ გადასვლას, თუმცა მათსა და აქციას შორის პოლიციის კორდონია. სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი განარიდეს და დააკავეს.