პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით ორი ქალი დააკავეს

პუბლიკა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ორი აქტივისტი, თაკო კურატიშვილი და ლილუ შაველაშვილი, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

„პუბლიკას“ უწყებაში განუცხადეს, რომ ლილუ შაველაშვილი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო თამარ კურატიშვილი 173-ე და 174-ე პრიმა მუხლის საფუძველზე არიან დაკავებული. აღნიშნული მუხლები პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევას  გულისხმობს.

პარლამენტთან აქცია თეა წულუკიანის კომისიის სხდომის პარალელურად დაიწყო. პოლიციამ აქციის მონაწილეები 9 აპრილის ქუჩაზე გზის გადაღმა შეაკავა და მათ პარლამენტის წინ ტროტუარზე გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევს.

თამარ კურატიშვილი, რომელსაც ხელში ეჭირა ბანერი „ანწუხელიძე უკვდავია“, პარლამენტის წინ ტროტუარზე გადავიდა. პოლიციამ პირველ ჯერზე ის გზის მეორე მხარეს ძალის გამოყენებით გადმოიყვანა, თუმცა კურატიშვილი ტროტუარზე ისევ დაბრუნდა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. კურატიშვილთან ერთად დააკავეს ლილუ შაველაშვილი, რომელიც მის დახმარებას ცდილობდა.

აქტივისტების დაკავების დროს პოლიცია ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობდა, აქტივისტები ტროტუარიდან გადაეყარა.