პარლამენტთან აქციაზე, ჯამში, 8 პირია დაკავებული - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს პარლამენტთან გამართულ აქციაზე პოლიციამ 8 პირი დააკავა. სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა პარლამენტის წინ კარვის გაშლა სცადეს.

შსს-ს განცხადებით, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ შესთავაზეს ალტერნატიული ადგილი კარვის გასაშლელად. თუმცა, მოქალაქეები არ დაემორჩილნენ, რასაც 8 ადამიანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავება მოჰყვა. მუხლი სამართალდამცველის მოწოდებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და 1 000-დან 4 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

„მნიშვნელოვანია, რომ აქციის მონაწილეებს რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდათ კარავი გაშლილი საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ, რაშიც პოლიციას მათთვის ხელი არ შეუშლია.

რაც შეეხება პარლამენტის შენობის წინ კარვის განთავსებას, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, სამართალდარღვევის თავიდან აცილებისა და პრევენციის
მიზნით, აქციის მონაწილეებს ეზღუდებათ შესაძლებლობა, საკანონმდებლო ორგანოს წინ განათავსონ კარავი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, თავი შეიკავონ მძიმე პროვოკაციული ქმედებებისგან, პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისგან და დაემორჩილონ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს“, – აცხადებს შსს.

პარლამენტთან აქციაზე აქტივისტები პოლიციამ 19 თებერვალსაც დააკავა. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა და ომბუდსმენმა მოუწოდეს შსს-ს პატივი სცენ მოქალაქეების შეკრების უფლებას.