პარლამენტთან აქციაზე კარვები გაშალეს

პუბლიკა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქტივისტებმა კარვები გაშალეს. ისინი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, დავით ნებიერიძემ, ორგანიზატორების სახელით განცხადება გააკეთა:

„გამომდინარე იქიდან, რომ იყო ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციების მცდელობა და იმისთვის, რომ აქცია იყოს უფრო ეფექტიანი, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ პატარა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც უხელმძღვანელებს ამ აქციებს და ამ საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით გადაიდგმება ყველა ის ნაბიჯი, რაც  აუცილებელია ამ აქციის გრძელვადიანი ფუნქციონირებისთვის“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოში შედიან როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე რიგითი აქტივისტები:

  1. დავით ნებიერიძე – „დაიცავი არჩევანი“;
  2. ლაშა ხუსკივაძე – „საქართველოსთვის“;
  3. ნიკა ნარსია – „საქართველოსთვის“;
  4. კახა კვეკვესკირი;
  5. მიშა კაპლანი – „ერთად სახლში“;
  6. ბესო წერედიანი;
  7. მაკა მინდიაშვილი.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ და აქცია გაგრძელდება მათი მიზნების შესრულებამდე.

„ზამთარია, ბატონებო, ამ ადამიანებს სჭირდებათ გათბობა და თავშესაფარი. როცა ამ განცხადებას ვაკეთებ, დაარბიეთ მშვიდობიანი აქცია ბათუმში. გვაქვს მოლოდნი, რომ გექნებათ ჩვენი დარბევის მცდელობაც;

ყინვაში, არასათანადო პირობებში ჩვენი დატოვება ეს არის არაადამიანური ქცევა, რაც წამებასთანაა გათანაბრებული, ამიტომ არ ვაპირებთ კანონის დარღვევას, დებოშის მოწყობას, მით უმეტეს, ეფემერულ პარლამენტში შევარდნას… ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოქალაქეები, გამოვხატავთ პროტესტს, რისი გარანტიც არის კონსტიტუცია და ძალიან გთხოვთ, ნუ დაგვარბევთ, ნუ შეგვეხებით, მოგვეცით ნება, მოვიწყოთ ელემენტარული პირობები“, – განაცხადეს ორგანიზატორებმა.

მათი თქმით, ისინი ღამეს კარავში გაათევენ, კარავი კი კერძო საკუთრებაა და არ ითვალისწინებს დაჯარიმებას.

ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ თუ შეშა არ შეიძლება, მოძებნიან ალტერნატიულ საშუალებას, ისეთს, რაც „პოლიციას არ გამოუცხადებია ბრძოლის იარაღად“.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან გაავლეს წითელი ხაზი, რომლის გასწვრივაც წერია – „თავისუფლება“, კარვების წინ კი გამოფენილია წარწერები: „ბიძინიე ოკუპანტი“, „დაიცავი არჩევანი“.