პარლამენტთან აქციაზე პოლიციამ ერთი მოქალაქე დააკავა

პუბლიკა

სამართალდამცველებმა პარლამენტთან დღეს გამართულ აქცია-მსვლელობაზე ერთი მოქალაქე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„საქართველო ირჩევს ევროპას“ – ამ მოწოდებით დღეს დილიდან მოქალაქეები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მეტრო „რუსთაველთან“ შეიკრიბნენ და თავისუფლების მოედნისკენ, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობდა, მსვლელობა გამართეს. პარლამენტთან მსვლელობა პოლიციამ შეაჩერა, რომელმაც ცოცხალი ჯაჭვით რუსთაველის გამზირი გადაკეტა და აქციის მონაწილეებს გზის გაგრძელების საშუალება არ მისცა.

აქციის დასასრულს, იქ შეკრებილები პოლიციას სთხოვდნენ, რომ მსვლელობის გარეშე, როგორც მოქალაქეებს, ისე მაინც მისცემოდათ თავისუფლების მოედნისკენ წასვლის შესაძლებლობა, მაგრამ სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. შემდეგ კი აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს. საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან დაკავების მიზეზი განმარტა და განაცხადა, რომ მოქალაქე პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა.

მოქალაქეთა ნაწილმა მოგვიანებით, ევროკავშირის დროშებით ხელში თავისუფლების მოედნისკენ გზის გაგრძელება მაინც შეძლო.


მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ევროკავშირის დროშის ბანერი პარლამენტის შენობაზე აღარ ჩამოკიდეს და ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში აქტიურად გავრცელდა. პარლამენტის შენობის ფასადზე მხოლოდ საქართველოს დროშებია, მაშინ როდესაც 2022 წლის 26 მაისს, საქართველოს დროშის გვერდით ევროკავშირის დროშის ბანერიც იყო.

ერთი წლის წინ, დამოუკიდებლობის დღის მთავარი სლოგანი იყო „ევროპისკენ“. წელს კი, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, 26 მაისის სლოგანია „თავისუფლების სიყვარული“.

საქართველოს მთავრობის განმარტებით, დამოუკიდებლობის დღის გაფორმებები ყოველწლიურად თემისა და სლოგანის მიხედვით იცვლება. მათი ცნობით, წელს „დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე გაფორმება ხდება ეროვნული სიმბოლიკით.“