პარლამენტთან დაკავებულების პროცესი გადაიდო

პუბლიკა

პარლამენტის შენობის წინ წუხელ დაკავებული 10 პირის სასამართლო პროცესი 6 და 8 იანვრისთვის გადაიდო – რომეო ფარულავას, ნოდარ რუხაძისა და გიორგი შოთაძის პროცესი საქალაქო სასამართლოში 8 იანვარს ჩაინიშნა, ხოლო ბექა ბასილაიას, ზურა ნადირაძის, ბექა კოკაიას, ზუკა ბერძენიშვილის, ლაშა ბურდულის, ზურაბ მჟავანაძის და გიორგი მუმლაძის კი 6 იანვარს.

წუხელ მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის შენობის წინ არსებული კარვები და აქციების ატრიბუტიკა წაიღო, შემდეგ კი ტერიტორია მორეცხა. სატვირთო მანქანით ადგილზე საბავშვო ატრაქციონები მიიტანეს.

პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „სირცხვილიას” აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები იყვნენ შეკრებილები. დაპირისპირება მოხდა პოლიციასთანაც. შსს-ს ცნობით, დაკავებულია 9 პირი.

როგორც უწყებაში „პუბლიკას” განუცხადეს, მათ პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დარღვევას ედავება.