პარლამენტთან დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი 15 დეკემბრამდე გადაიდო

პუბლიკა

პარლამენტთან 5 დეკემბერს დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი გადაიდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დაკავებულთა ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე აქტივისტები გაათავისუფლა და პროცესი 15 დეკემბრისთვის ჩანიშნა. დაკავებულებს შორის იყო „ენმ – ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კაპანაძეც.

აქტივისტების განცხადებით, სამართალდამცველებმა მათ რკინის დროებით კედელზე წარწერის გაკეთებისა და სტიკერების გაკვრის საშუალება არ მისცეს.

ხოლო შსს-ში აცხადებენ, რომ აქტივისტები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის მოთხოვნმისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა ვიდეოფირები, სადაც, მათი განმარტებით, წარმოდგენილია სამართალდარღვევები. ჩვენ გვჭირდება დრო ამ მასალების გასაცნობად და გვჭირდება დრო, შესაბამისი მტკიცებულების წარმოსადგენად, რომ გიორგი კაპანაძეს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. მოსამართლემ მოგვცა დრო და იმის შესაძლებლობა, რომ სრულფასოვნად გავეცნოთ მტკიცებულებებს“, – განაცხადა სასამართლო სხდომის შემდეგ ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.