პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ, სავარაუდოდ, 3 ადამიანი დააკავა

პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ, სავარაუდოდ, 3 ადამიანი დააკავა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა განაცხადა, რომ პოლიცია გზას ათავისუფლებდა, რა დროსაც მოქალაქეები „არ დაემორჩილნენ“.

„პოლიციელებს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და გზას კეტავდნენ ხელოვნურად, იდგა 5 ადამიანი და გზას კეტავდა. მოუწოდა პოლიციამ, რომ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი, არ დაემორჩილნენ და მიიღეს რეაგირება“, – თქვა ბზიშვილმა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში.

„პუბლიკის“ რეპორტიორის მიერ გადაღებულ დაკავების ამსახველ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პოლიცია მოქალაქეებს ტროტუარზე ძალის გამოყენებით აკავებს.

„პუბლიკა“ დამატებითი დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ეცდება. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.