პარლამენტთან პოლიციამ ბექა გრიგორიადისს კარვის გაშლის ნება ისევ არ მისცა - დაკავებულია ერთი პირი

პუბლიკა

პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისმა საპროტესტო აქცია დაიწყო, ხმაური იყო.

სამართალდამცველებმა ბექა გრიგორიადისს კარავი არ გააშლევინეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

პოლიციის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით ადმინისტრაციული წესით ერთი პირია დაკავებული.

„ვაპროტესტებ იმას, რაც ხდება ჩემი შვილის თავს. დაკავებულია მისი განსხვავებულობის და მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე სიარულის გამო. მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, დაცვის მხარემ გადმომცა ვიდეოფაილები, ვუყურე ყველა მომენტს დაკვირვებით, იქ არ ჩანს უშუალოდ ლაზარეს ხელით გასროლილი მოლოტოვის კოქტეილი, საერთოდ არ არის გარჩევადი კონკრეტული სახეები. სწორედ ამან გადამაწყვეტინა პარლამენტთან კარვის გაშლა, მაგრამ პოლიციამ ამის საშუალება არ მომცა. არაფერი არ მითხრეს, დაგეშილები მოვიდნენ და წამგლიჯეს კარავი. ნორმალურად რომ ეთქვათ, სხვა ფორმით, არ გავატანდი? აუცილებლად გავატანდი… გუშინ გავათენე და აქ ვიქნები ყოველდღე, გავაგრძელებ პროტესტს იქამდე, სანამ სამართალს არ მივაღწევ“, – განუცხადა ბექა გრიგორიადისმა „პუბლიკას“ 29 მაისს.